13 ნოემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება და უმრავლესობა იმედს გამოთქვამს, რომ სხდომას უმცირესობაც დაესწრება.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ განაცხადა, სამშაბათის რიგგარეშე სხდომაზე, ბიუჯეტის პროექტი უნდა განიხილონ, რომელსაც თავისი დრო და ვადები აქვს.
„იმედი მაქვს, რომ სხდომას ოპოზიცია დაესწრება. პარლამენტში თუ არ აპირებენ შემოსვლას, გვითხრან. თუ არა და ბიუჯეტის განხილვას დაესწრონ. სამშაბათს იქნება სხდომა და მათ ისეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგან, რაც გამართლებული არ იქნება, რადგან საქმე ბიუჯეტს ეხება“, - დასძინა მან.
ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ინფორმაციით, სამშაბათის რიგგარეშე სხდომაზე, ბიუჯეტის პროექტის გარდა, პარლამენტის ახალ წევრების უფლებამოსილების საკითხი უნდა განიხილონ და ვინაიდან, რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტის თანხმობით ტარდება, მას ამ დღის წესრიგი გადაეგზავნება.