იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას საჯარო განხილვისთვის 3 კანონში ცვლილებათა პაკეტი შესთავაზა. კანონპროექტის განხილვა სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარეობს.
კანონპროექტში შემავალი ცვლილებების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებები იზღუდება, საქართველოში მოქმედი სასჯელთა შეკრებითობის წესი იცვლება. წულუკიანის განცხადებით, საჭიროა შეიცვალოს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესიც, ხოლო იუსტიციის უმაღლესი სკოლა კი რეალურად სკოლას დაემსგვასოს.
„მთავრობის ინიციატივით გვინდა შეიცვალოს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი, შეიცვალოს მოსამართლეთა ფორმირების ორგანო, რომელსაც ჰქვია იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რათა დაემსგავსოს რეალურად სკოლას და არ იყოს კონტროლირებადი ორგანო უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობის მიერ, რომ სტუდენტებს იქ შეეძლოთ რეალურად მოსამართლედ ჩამოყალიბება“,-აღნიშნა წულუკიანმა. საჯარო განხილვას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებიან.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილისთვის მიუღებელია იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტი.
„წარმოდგენილ ცვლილებებს კატეგორიულად არ ვეთანხმებით. მიზეზი არის ის, რომ ამ ცვლილებებით იზღუდება სასამართლოს დამოუკიდებლობა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა უმრავლესობის უფლებები“, – განაცხადა კუბლაშვილმა.
საიას თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტი პოზიტიურ როლს ითამაშებს სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის ხელშეწყობაში.
საჯარო განხილვაზე ასევე წამოიჭრა ინიციატივა სასამართლო პროცესებზე მედიის დასწრების შესახებ. პროექტის მიხედვით,რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, სასამართლო სხდომათა გადაღებებს აწარმოებს სასამართლო, შემდეგ კი მიაწვდის ტელევიზიებს.