საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ტრიპოლსკი საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების, ან ტელევიზიის მეცხრე არხისთვის მიერთების შესახებ ინფორმაციას, ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნევს.
როგორც ჟურნალისტებს ტრიპოლსკიმ განუცხადა, ის მზად არის, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს შეხვდეს და მათ მოუსმინოს.
"ყველას მოვუსმენ, მაგრამ ტყუილებს ავრცელებენ. მეცხრე არხისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის შეერთების შესახებ ინფორმაცია სისულელეა და ეს თავში არავის მოსვლია. ეგ ამბავი მათი ფანტაზიის ნაყოფია, ვისაც ეს აწყობს. არ ვიცი, ეს ამბავი, საიდან დაიწყო, მაგრამ გახელაძემ მთხოვა შემხვედიო და შევხვდი. ის ჩემი მოადგილე იყო და ურთიერთობა გვაქვს. მან მითხრა, რომ 21 ნოემბერს, თბილისში ევროპის დამოუკიდებელ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ჩამოდის და ჩემი კონტაქტი გამომეყენებინა და პრემიერთან ან პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამეკეთებინა. სხვა რამეზე საუბარი არ ყოფილა. უტიფრად იტყუება ის, ვინც ეს ამბავი თქვა", - დასძინა ტრიპოლსკიმ .