შესაძლოა დაუმუშავებელი მიწების გადასახადების გადავადება ისევ მოხდეს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობდნენ, აღნიშნული საკითხი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა დასვა.
დეპუტატის ინფორმაციით, სოფლებში დაუმუშავებელ მიწის გადასახადებთან დაკავშირებით, პრობლემეა არსებობს და გლეხებს გადასახადები დაუგროვდათ.
მისი თქმით, მას გუშინ, დაახლოებით 40 ადამიანმა დაურეკა და უთხრა, რომ გადასახადებთან დაკავშირებით აღსრულებები დაიწყო.
"ზოგს მიწას ართმევენ და რაღაც უნდა მოვიფიქროთ. გადასახადები იმიტომ ჰქონდათ დაგროვილი, რომ მოსავალს ვერ იღებდნენ და რაიმე მექანიზმზე უნდა ვიფიქროთ. ამნისტიის მომხრე არ ვარ, რადგან ვინც გადასახადს იხდის, მან რა დააშავა ? მაგრამ რესტუქტურიზაცია არის გამოსავალი. ან შეიძლება გადავადება მოხდეს. ან კიდევ, შესაძლოა ეს პროცესი, დროებით გაჩერდეს, სანამ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა ხიდაშელმა.