ია ანთაძე: ნებისმიერ სხვა დღეს, პრეზიდენტის ეს  განცხადება გაცილებით ნაკლებ ცინიკური იქნებოდა,  ვიდრე ეს  7 ნოემბერს  იყო

ია ანთაძე: ნებისმიერ სხვა დღეს, პრეზიდენტის ეს განცხადება გაცილებით ნაკლებ ცინიკური იქნებოდა, ვიდრე ეს 7 ნოემბერს იყო

მედია ექსპერტი ია ანთაძე საზოგადოებრივ  მაუწყებელში რევიზიის ჩასატარებლად შემოსავლების სამსახურის შესვლის შეფასებისას აცხადებს, რომ ჯერ,  უმჯობესია ტელეკომპანიაში შესულმა ჯგუფმა მუშაობა დაასრულოს და აღნიშნულის შესახებ, შეფასებები შემდეგ გააკეთოს.

როგორც ანთაძე from.ge -სთან საუბარში აცხადებს,  საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებული ჟურნალისტების თქმით, ტელეკომპანიაში რევიზიის ჩასატარებლად შემოსავლების სამსახურის შესვლა,  სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა, თუმცა აღნიშნავს, რომ  ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ  ამ საკითხისადმი საზოგადოება მათ დამოკიდებულებას არ იზიარებდა.

„ჟურნალისტი, როდესაც  ამბობს, რომ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავენ, ამას ფასი მაშინ აქვს, როდესაც აღნიშნულს ის ადამიანები ეთანხმებიან, რომლებიც ისმენენ.  ჟურნალისტი საზოგადოებასა და ხელისუფლებას  შორის,  შუალედური რგოლია და როცა ხელისუფლება ჟურნალისტის უფლებებს არღვევს და სიტყვის  გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს   საზოგადოებას ესმოდეს და მაათთვის გასაგები იყოს.  საზოგადოება თუ  არ გეთანხმება,  ეს ნიშნავს,  რომ  არ მიგიჩნევენ ჟურნალისტად და  არ მიიჩნევენ, რომ სიტყვის თავისუფლება გეზღუდება. შესაბამისად, ჟურნალისტიკა  სპეციფიური  სფეროა და თავისთავად, ჟურნალისტს თუ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს არაფერს წარმოადგენს.  ჟურნალისტის სიტყვას მაშინ აქვს ფასი, როცა ამ სიტყვას საზოგადოება ენდობა“, - განაცხადა ანთაძემ.

რაც შეეხება,  ქვეყნის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც,  „სრულიად მიუღებელია ტელევიზიების საქმიანობაში იმ ტიპის ჩარევა, რომელიც პირდაპირ განხორციელდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ასევე ის მუქარები, რომელიც თავისუფალი მედიის საშუალების მისამართით ისმის. ჩვენ არ უნდა დავანგრიოთ არაფერი, საკმარისად ინგრეოდა საქართველო, პირიქით უნდა ავაშენოთ უკეთესი“ ანთაძე აცხადებს, რომ 7 ნოემბერს სააკაშვილის მიერ,  გაკეთებული ეს განცხადება სიმბოლური  ეჩვენა და აღნიშნავს, რომ  ნებისმიერ სხვა დღეს,  ეს განცხადება გაცილებით ნაკლებ ცინიკური იქნებოდა,  ვიდრე ეს  7 ნოემბერს  იყო.

„ყველამ ვიცით,  5 წლის წინ, თუ  რა ქმედებები განახორციელა ხელისუფლებამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ და ამ დღეს  სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მიერ, ჟურნალისტების მიმართ, როგორი არაადამიანური მოპყრობა  იყო. ამიტომ,  როდესაც პრეზიდენტი  სიტყვის თავისუფლებასა და ამ თავისუფლების შეზღუდვაზე ისაუბრებს,  პირველ რიგში, ის იმ ქმედებებიდან უნდა ამოვიდეს,  რაც პირადად მისი მთავრობის მიერ იყო ორგანიზებული და საუბარი იმაზე, „სხვები“ ჟურნალისტების უფლებებს, თუ როგორ არღვევენ შემდეგ შეიძლება“, - განაცხადა ანთაძემ.