დღეს, 9 ნოემბერს, ეროვნული ბიბლიოთეკა ახალგორელ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლებს. ბიბლიოთეკის ბავშვთა ოთახმა კონფლიქტის ზონიდან ჩამოსული სტუმრებისთვის სპეციალური პროგრამა მოამზადა.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალგორელი სტუმრებისთვის ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ექსკურსია. ისინი დაათვალიერებენ ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებს, გაეცნობიან მომსახურების წესებს და მიიღებენ ინფორმაციას ბიბლიოთეკის ფონდების შესახებ.
ბავშვთა ოთახში მათ მწერალი დათო ტურაშვილი შეხვდება. ორგანიზაცია ”ქალთა ასოციაციის” წარმომადგენლები და გამომცემლობა ”დიოგენე” მოსწავლეებს საჩუქრებს გადასცემს. მხატვარი ზაალ სულაკაური კი, მათ ხატვის გაკვეთილს ჩაუტარებს.
გარდა ამისა, ხვალ 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია „დაკარგული ისტორია: მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ“ გაიმართება.
გამოფენა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ იმართება და სამი დღე გაგრძელდება.
გამოფენის პარალელურად ნაჩვენები იქნება ფილმი - „ცოცხლად მოყოლილი ამბები – მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ“.