დავით დარახველიძე: თუ უკანონოდ შეჭრილი დევნილები ფართებს ნებაყოფლობით არ დატოვებენ, საქმეში შსს ჩაერთვება

დავით დარახველიძე: თუ უკანონოდ შეჭრილი დევნილები ფართებს ნებაყოფლობით არ დატოვებენ, საქმეში შსს ჩაერთვება

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დავით დარახველიძის განცხადებით, თუ სხვადასხვა დაწესებულებაში უკანონოდ შეჭრილი დევნილები ფართებს ნებაყოფლობით არ დატოვებენ, საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთვება.

როგორც დარახველიძემ აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში ფართების გათავისუფლება სპეციალური ოპერატიული პროცედურების მიხედვით მოხდება.

„პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სხვადასხვა დაწესებულებაში დევნილთა მასობრივი შეჭრები დაიწყო. სამწუხაროდ, ეს მოვლენა დღემდე გრძელდება. ამ დროის მონაცემებით, ისინი 51 ობიექტში არიან შეჭრილი და მათი საერთო რაოდენობა 1 941 ოჯახს შეადგენს. ჩვენ მათ 6 ნოემბერს ათდღიანი ვადა მივეცით იმისთვის, რომ ფართები ნებაყოფლობით დატოვონ. სამინისტრომ უკვე მოიძია ალტერნატიული ფართი მათთვის, ვისაც ამის გადაუდებელი აუცილებლობა აქვს და თბილისის მასშტაბით საცხოვრებელ ადგილებს შევთავაზებთ, ხოლო დანარჩენებს მოუწევთ დაბრუნდნენ იქ, სადაც აქამდე ცხოვრობდნენ. თუკი დაწესებულებიდან მათი გამოსვლა ნებაყოფლობით არ მოხდება, მაშინ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთვება და ფართების გათავისუფლდება სპეციალური ოპერატიული პროცედურების მიხედვით მოხდება" - განაცხადა დარახველიძემ.

მისივე განმარტებით, არსებობს დევნილთა კატეგორია, რომლებიც ამა თუ იმ დაწესებულებაში არიან შეჭრილები, თუმცა მათ რეალურად საცხოვრებელი სახლები აქვთ.

„სამინისტროს ზუსტი სტატისტიკა არ აქვთ, რადგან მათ ბინები თავიანთ სახლებზე არ აქვთ გაფორმებული და ამას საჯარო რეესტრით ვერ ვადასტურებთ, ამიტომ გარკვეული საქმეები შს სამინისტროს გადაეგზავნა, რათა ამის გამოკვლევა მოხდეს" - აღნიშნა მინისტრმა.