ზაზა სიხარულიძე: გვსურს თუ არა, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება აუცილებელია

ზაზა სიხარულიძე: გვსურს თუ არა, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება აუცილებელია

კოალიცია "სოციალური რეფორმებისთვის" და  "ღვთისშვილთა კავშირის" ლიდერი ზაზა სიხარულიძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც მან for.ge -ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების კუთხით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების პროცესში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმაც, ხოლო პირველი ნაბიჯი უცხო ქვეყნებში მცხოვრებმა ემიგრანტებმა უნდა გადადგან.

როგორც სიხარულიძემ აღნიშნა, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ემიგრანტები სათანადო მოთხოვნებით აქციების გამართვას გეგმავენ, რაც მისი თქმით, მისასალმებელია.

"ჩვენი ნახევარი ტერიტორია ოკუპირებულია. ამიტომ გვსურს ეს თუ არა, რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ. ბუნებრივია, მოლაპარაკებებსაც თავისი ზღვარი აქვს და გააჩნია რუსეთის მხრიდან რა პირობები იქნება წამოყენებული. მთავარია დაიწყოს ეს პროცესი და მოლაპარაკებები შედგეს" - განაცხადა სიხარულიძემ.

გარდა ამისა, მან ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უნდა შეიქმნას დასაქმებისა და სადაზღვევო-საპენსიო სახელმწიფო ფონდები.

ამასთან , მისივე თქმით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში არ არსებობს ინვალიდთა ინტერესების დამცველი სოციალური რგოლი.

"აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ წინადადებით, რათა განიხილოთ ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში თანამაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის , სოციალური ინტეგრაციისა და ადაპტაციის დეპარტამენტის შექმნის საკითხი. ეს რგოლი მოემსახურებოდა მიუსაფარ ბავშვთა და ხანდაზმულთა, ინვალიდთა, ვეტერანთა და რეპრესირებულთა ინტერესების დაცვას შესაბამის სახელმწიფო პროგრამათა შემუშავების გზით" - განაცხადა სიხარულიძემ.