“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ განაცხადა, შეხვედრის სურვილი თავად უმცირესობის წევრებმა გამოთქვეს.
„უმცირესობის წარმომადგენლებს აქვთ სურვილი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეთვალყურეო საბჭოსთან შეხვედრისა. მზად ვართ შევატყობინოთ ის, რაც ხდება მაუწყებელში", - განაცხადა გია ჭანტურიამ.
გია ჭანტურია „საზოგადოებრივ მაუწყებელში" შემოსავლების სამსახურის შესვლასთან და ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხადურის გამოსვლაში რამდენიმე უზუსტობა იყო, საგადასახადო დავალიანება კი დანაშაული არ არის.
„საგადასახადო დავალიანება დანაშაული არ არის. ჩვენ ორჯერ მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს, რომ მზად ვართ დავალიანების გადასახდელად და ვთხოვეთ, რომ ამისთვის გარკვეული ფორმა და გრაფიკი შემუშავებულიყო. 2010 წლიდან დღემდე ყველანაირი დოკუმენტაციის ბრუნვა მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და შემოსავლების სამსახურს შორის ელექტრონულად და აბსოლუტურად ყველასთვის ყველაფერი არის ცნობილი", - განაცხადა გია ჭანტურიამ.
ჭანტურიას განცხადებით, შემაშფოთებელია ნოდარ ხადურის განცხადება, პროცესების შესაძლოა "გვერდზე შენობაში" გადანაცვლებასთან დაკავშირებით.
"სავარაუდო შედეგი უნდა ყოფილიყო ჩვენს შორის ხელის ჩამორთმევა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მხრიდან დავალიანების დაფარვა მათგან განსაზღვრულ გრაფიკში. მე მქონდა მინისტრთან შეხვედრა. ავუხსენი, როგორ შეიძლებოდა მისი გადახდა. თუ ამ შემოწმების მიზანი არის, რომ პროცესმა გადაინაცვლოს "გვერდზე შენობაში", ჩვენ მზად ვართ ამისთვის, რადგან ჩვენ ყველანაირად სუფთები ვართ", - განაცხადა გია ჭანტურიამ.