დაუშვებენ თუ არა სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღებას?

დაუშვებენ თუ არა სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღებას?

იუსტიციის სამინისტრო ახალი ინიციატივით გამოდის-სასამართლში შესაძლებელია ფოტო და ვიდეოგადაღება ისევ დაუშვან. კანონში ცვლილების პრეზენტაციას იუსტიციის სამინისტრო დღეს სასტუმრო „რედისონში“ მართავს.

 კანონპროექტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიოვიდეო ჩაწერა. გარდა ამისა, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ფოტოვიდეო გადაღების უფლება ასევე შეუზღუდავად შეეძლება საზოგადოებრივ მაუწყებელს.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდველად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო და აუდიო ჩაწერა და ტრანსლაცია გარდა იმ შემთხვევისა, რაზედაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სხდომის ნაწილობრივ, ან სრულად დახურვის თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისთვის მათი მოთხოვნისთანავე. სასამართლოს თანხმობით სასამართლოს სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო და აუდიოჩაწერის უფლებამოსილება ასევე გააჩნიათ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. ეს უფლება შესაძლოა, შეიზღუდოს სასამართლოს მოტივირებული განაჩენით", - ნათქვამია კანონპროექტში, რომლის მიხედვითაც ცვლილება "საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში" უნდა შევიდეს.