უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი იუსტიციის სამინისტროს მიერ, წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს არ ეთანხმება.
კუბლაშვილის თქმით, ძირითადად საკანონმდებლო პაკეტი მისთვის მიუღებელია იმ ნაწილში, რომელიც იუსტიციის საბჭოს შეეხება.
„ერთი-ორი ცვლილების გარდა, რომელზეც ჩვენ ისედაც თანახმა ვიყავით, ეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ჩვენთვის მიუღებელია, განსაკუთრებით მიუღებელია ცვლილებები, რომელიც იუსტიციის საბჭოს შეეხება. ეს არის ნაბიჯი უკან სასამართლოს დამოუკიდებლობიდან. ჩვენ შევიტანეთ რამდენიმე ცვლილება 2011 წლის ბოლოს და 2012 წლის დასაწყისში. პარლამენტმა ეს ცვლილებები დაამტკიცა. ახლა ფაქტობრივად, უკან არის დაბრუნებული ის ნორმები, რომლებიც გარკვეულწილად ზღუდავდა სასამართლო ხელისუფლებას. ამ ცვლილებებს ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ“, - განაცხადა კუბლაშვილმა და აღნიშნა, რომ მით უმეტეს იმ ფონზე ვერ მოხდება მხარდაჭერა, რომ ამ ცვლილებების შემუშავება მათთან თანამშრომლობის გარეშე მოხდა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილია ცვლილებათა ორი პაკეტი.
პირველი პაკეტი იუსტიციის საბჭოს შეეხება, ხოლო მეორე პაკეტი კი გულისხმობს ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ცვლილებათა მიხედვით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა უპირობო შეკრების წესი იცვლება.
პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.