ადმირალ  გიგლა ირემაძის მეუღლე  საქმის  გამოძიების დაწყების  მოთხოვნით, მთავარ პროკურორს მიმართავს

ადმირალ გიგლა ირემაძის მეუღლე საქმის გამოძიების დაწყების მოთხოვნით, მთავარ პროკურორს მიმართავს

ადმირალ გიგლა ირემაძის მეუღლემ, მანანა ირემაძემ 2004 წელს გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული ადმირალის გარდაცვალების საეჭვო დეტალებზე,  For.ge-ს პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მანანა ირემაძის განცხადებით, მისი მეუღლე 2004 წლის 13 აგვისტოს, გაურკვეველ სიტუაციაში გარდაიცვალა.

მისი განმარტებით,  მეუღლის გარდაცვალებაზე, ექსპერტიზა და სრული მოკვლევა არ  ჩატარებულია, შესაბამისად, ის ეჭვობს, რომ ადმირალი მოწამლეს.

მანანა ირემაძე ადმირალ ირემაძის საქმის  გამოძიების დაწყების  მოთხოვნით, პროკურატურას მიმართავს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, შსს მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

„ის, რომ ჩემი მეუღლე მოწამლეს, ამის ეჭვის საბამს  ის გარემოება მაძლევს, რომ მისმა მეგობარმა და თანამშრომელმა ვიქტორ ჭელიძემ, ჰოსპიტალის მთავარმა ექიმმა ზაზა შალამბერიძემ (თურმე) ჩუმად ჩაატარეს ექსპერტიზა, რომელიც მე ძალიან გვიან გავიგე, რადგან მეუღლის გარდაცვალების დღიდან,  გასვენებამდე  წამლებს მასმევდნენ და მთიშავდნენ. აქედან გამომდინარე, ჩემი მეუღლის გარდაცვალების ირგვლივ, ჩემს მეხსიერებას ერთი პატარა დეტალიც კი,  არ შემოუნახავს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ,  ჩემი და ჩემი ოჯახის ტერორი დაიწყო.  ადგილი ჰქონდა ტელეფონზე განხორციელებულ ზარებს, 4 ჯერ გაგვიძარცვეს საცხოვრებელი სახლი და თურმე ჩემი მეუღლის სიცოცხლის დროს სახლში მოტანილ,  რაღაც კასეტას და რუქას ეძებდნენ. ამა წლის 7 იანვარს კი,  ჩემს  საცხოვრებელ სახლს ხანძარი  გაუჩნდა. ის,  რაც ამ რვა წლის მანძილზე  მე და ჩემმა ობლებმა გადავიტანეთ, ყოველგვარ ადამიანურ ჩარჩოებს სცილდება“, - განაცხადა გარდაცვლილი ადმირალ გიგლა ირემაძის მეუღლემ, მანანა ირემაძემ.

მისივე თქმით, მეუღლის გარდაცვალებიდან ოც დღეში დაიღუპა სიძე, ქალიშვილის მეუღლე დავით რუხაძე, რომელიც ასევე  საზღვაო ძალებში მსახურობდა.

 მანანა ირემაძე აცხადებს, რომ გამოძიება, არც ამ საქმის ირგვლივ ჩატარებულა.

„აქედან გამომდინარე, ვითხოვ შევხვდე საქართველოს პრემიერ-მინისტ ბიძინა ივანიშვილს, შსს მინისტრს და მთავარ პროკურორს, რათა ადმირალ ირემაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით,  ყველა საინტერესო ინფორმაცია მივაწოდო. ასევე ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები  მქონდა თავდაცვის სამინისტროსთან, რომელმაც ამ წლების მანძილზე, ახლოსაც არ გაგვიკარა.  ამიტომ,  ვითხოვ ახლანდელი თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას“, - განაცხადა ადმირალ გიგლა ირემაძის მეუღლემ, მანანა ირემაძემ და აღნიშნა, რომ იმედოვნებს, რომ ადმირალ ირემაძის საქმის გამოძიებას სათანადო ორგანოები გულისხმიერად მიუდგებიან.