საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები მიიღო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ CUBIC-ის (საქართველოში თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი) და ODC-ის (თავდაცვის თანამშრომლობის ოფისი) ხელმძღვანელი პირები, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის უფროსი უილიამ ლაჰიუ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელი და მრჩევლები საქართველოს თავდაცვის სფეროში სტივენ გლოვერი და ვიცე-პოლკოვნიკი არმინ დაუმილერი.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
ირაკლი ალასანიამ უცხოელ სტუმრებს სამხედრო უწყებაში დაგეგმილი ახალი ინიციატივები და ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.
მინისტრმა მიწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის სფეროში კონსულტაციების გამართვა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.