უჩა ნანუაშვილი: იქნებ ყველამ საკუთარ თავში ჩავიხედოთ, და სხვისკენ ნუ გავიშვერთ თითს

უჩა ნანუაშვილი: იქნებ ყველამ საკუთარ თავში ჩავიხედოთ, და სხვისკენ ნუ გავიშვერთ თითს

 

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორ  უჩა ნანუაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა სახალხო დამცველის კანდიდატად დაასახელა, აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოების ნაწილმა ის ამ თანამდებობაზე დაასახელა, ძალიან ბევრი შეურაცხყოფა და თავდასხმა მიიღო ადამიანებისგან, რომლებიც ადამიანის უფლებებზე ხშირად საუბრობენ. განცხადება უჩა ნანუაშვილმა  სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ  გვერდზე გამოაქვეყნა.  

„დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა. ამ ორ დღეში იმდენი ცილისწამება, და თავდასხმა მივიღე, მათ შორის იმ ადამიანებისგან ვინც აქ ადამიანის უფლებებზე ხშირად საუბრობს, თითქოს ზეწოლა იყო ჩემზე, თითქოს მე ვუღალატე სამოქალაქო საზოგადოებას როცა დავთანხმდი ერთ-ერთი კანდიდატი ვყოფილიყავი, თითქოს ამის უფლებას ვინმე იძლეოდეს აქ, ან სადმე, თურმე სამოქალაქო საზოგადოება გარკვეული ჯგუფის პრივატიზებული ყოფილა საერთოდ და ვერ მივიღე არგუმენტირებული კითხვა, რატომ არ შეიძლებოდა თუნდაც კანდიდატურის დაყენება. ხან ვის აღმოჩენად ჩამთვალეს, ხან ვის კანდიდატად. თურმე ასეთი კითხვაც ყოფილა შესაძლებელი რომ დაესვათ სახალხო დამცველისთვის(კანდიდატისთვის), რომელ უფლებას და ვის უფლებებს დაიცავთ მომავალში(!). მადლობა ჩემს კოლეგებს, ვისაც მოუწიათ დაუმსახურებელი კრიტიკის მოსმენა და მოთმენა.
ვეცადე არ მეპასუხა უცებ ყველა ბრალდებისთვის და ერთად ყველა კითხვისთვის მეპასუხა“,-წერს ნანუაშვილი.

ნანუაშვილი საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ სხვისკენ თითის მიშვერას და ბრალდებების წაყენებას საკუთარ თავში ჩახედვა სჯობს, ადამიანები კი ერთმანეთს იმის გამო ბლოკავენ, ვინ ვისი მხარდამჭერია.

„იქნებ ყველამ საკუთარ თავში ჩავიხედოთ, და სხვისკენ ნუ გავიშვერთ თითს, იქნებ საკუთარი თავი დავადანაშაულოთ რამეში. მხოლოდ საკუთარი აზრი მიგვაჩნია ჭეშმარიტებად, როგორც ჩანს და ამ ტემპებით მართლა შორს ვერ წავალთ. ეს პროცესი მართლა იმის ანარეკლია, რა საზოგადოებაც გვაქვს. სამწუხაროდ სიძულვილია ორივე მხარეს, ადამიანები ერთმანეთს ბლოკავენ იმის გამო, ვინ ვისი მხარდამჭერია. ამ დროს იგივე ადამიანებისგან ვისმენ როგორ გმობენ სიძულვილის ენას. ეს, მე მგონი ღირს დაფიქრებად. ასე ადვილად ვიმეტებთ და გულს ვტკენთ ადამიანებს. ეს უნდა იყოს გაკვეთილი ყველასთვის, რომ არ ვიქცეთ ბევრ პოლიტიკოსზე უარესად. სამწუხაროდ, მთელი ეს პროცესი აქეთკენ მიდის. აგრესიას აგრესია მოსდევს, სიძულვილს ასევე სიძულვილი და ამაზე ღირს დაფიქრება“,-აღნიშნავს უფლედამცველი.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მსოფლიოს 130 ქვეყანას საერთოდ არ ყავს სახალხო დამცველი, მიუხედავად ამისა ზოგიერთ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს არაფერი ემუქრება რადგან იქ საზოგადოებაა, პასუხისმგებლობაცაა და შეცდომების აღიარებაც ხდება.

„ ამით არ იწყება და არც მთავრდება ისტორია. პროცესი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, მაგრამ ბევრი რამ უკვე ამ პროცესმა კარგად გამოააშკარავა. ამაზე აუცილებლად უნდა შედგეს ჯანსაღი დისკუსია, ოღონდ მაშინ როცა ემოციები გადაივლის და ყველა ცივი გონებით შეძლებს ამ ამბების გახსენებას. 
მართლა ძალიან მიყვარხართ“,-წერს Facebook-ზე გამოქვეყნებულ წერილში უჩა ნანუაშვილი.