პეტრიაშვილი: საპარლამენტო უმცირესობა საზოგადოებაში მცდარი და გადაჭარბებული მოლოდინების შექმნის პოლიტიკას ახორციელებს

პეტრიაშვილი: საპარლამენტო უმცირესობა საზოგადოებაში მცდარი და გადაჭარბებული მოლოდინების შექმნის პოლიტიკას ახორციელებს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ნატოში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამინისტროების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პეტრიაშვილმა კომისიის სხდომის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, კომისიის სხდომაზე პრემიერმა გასცა მკაფიო მითითებები ყოველწლიური პროგრამის შესრულების მიმართულებით.

„საუბარი ასევე შეეხო ბრიუსელში და ბრიუსელიდან დაგეგმილ ვიზიტებს, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. კომისიის სხდომაზე განხილული იყო სხვა მიმდინარე საკითხებიც ნატო-სთან მიმართებაში" - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისივე განმარტებით, წლიური ეროვნული პროგრამა კონფიდენციალური დოკუმენტია და ის სამინისტროების წარმომადგენლებს გადაეცათ. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, დოკუმენტი მოიცავს რეფორმებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თავდაცვის, განათლებისა და ენერგეტიკის მიმართულებებით.

„პროგრამაში განსაზღვრულია კონკრეტული პრიორიტეტები და თითოეული დავალების შესასრულებლად გაწერილია დეტალური ვადები, შესაბამისად სამინისტროების ხელმძღვანელებს მიეცათ დავალება ყველაფერი კონკრეტულ ვადებში დაასრულონ" - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას დაკავება ხელს შეუშლის საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობებში, ალექსი პეტრიაშვილმა მას სპეკულაცია უწოდა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმცირესობა კვლავაც საზოგადოებაში მცდარი და გადაჭარბებული მოლოდინების შექმნის პოლიტიკას ახორციელებს.