„ახალგაზრდა ადვოკატები“: სახალხო დამცველთან დაკავშირებით უმრავლესობის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესს

„ახალგაზრდა ადვოკატები“: სახალხო დამცველთან დაკავშირებით უმრავლესობის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესს

 არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატების წარდგენის და მხარდაჭერის საზოგადოებრივ მოძრაობაში, საპარლამენტო უმრავლესობის  2012 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება არღვევს შეთანხმებას საზოგადოებასთან და ეწინააღმდეგება ამავე საზოგადოების მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს.

 როგორც from.ge-ს ორგანიზაციიდან აცნობეს, გამარჯვებული კოალიციის მხრიდან, ოფიციალურ და არაოფიციალურ დონეზე არსებობდა პოლიტიკური ნება და მზაობა, პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან შეთავაზებული ერთ-ერთი კანდიდატი აერჩია.

 „საზოგადოებამ ომბუდსმენის საკითხთან პოლიტიკური ნება და სამოქალაქო აქტივიზმი დემოკრატიის მნიშვნელობის ფაქტად მიიჩნია. ამიტომაც აუცილებელია, პარლამენტმა განმარტოს, რატომ აღმოჩნდა საზოგადოება სხვა რეალობაში. ფაქტი ერთია, საპარლამენტო უმრავლესობამ, მართალია, სახალხო დამცველად საკუთარი კანდიდატი შემოგვთავაზა და ამით კანონი არ დაურღვევია, მაგრამ ღიად შეილახა დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო სექტორისთვის მიცემული პირობის ერთგულება“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.

 „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს – სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატურის წარდგენისას გაითვალისწინონ კანდიდატთა პროფესიული შესატყვისობა, გამოცდილება, რეპუტაცია და განსაკუთრებით საზოგადოებრივი აზრის განწყობა, ხოლო მათი არჩევანი დასაბუთებული უნდა იყოს.

 ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას წარადგინონ დასამტკიცებლად რამდენიმე კანდიდატი, ხოლო იდეალური ვარიანტი იქნებოდა, თუ მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს შორის უპირატესობა საპარლამენტო უმცირესობის მიერ მხარდაჭერილ პიროვნებას მიენიჭებოდა.

 „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას სახალხო დამცველი შეარჩიონ სამი ყველაზე ღირსეული კანდიდატიდან: ესაა, უწინარეს ყოვლისა, ქალბატონი ლია მუხაშავრია, ყველაზე პრინციპული, ავტორიტეტული, პროფესიონალი და ყველაზე რეიტინგული კანდიდატი, ასევე მაღალი რეპუტაციის მქონე მაღალი რანგის სამართლის სპეციალისტი, ბატონი გელა ნიკოლაიშვილი და კანდიდატთა შორის ყველაზე პოპულარული პატიმართა და მათ ნათესავებს შორის, ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე, თუმცა მისი ცალკეული შეხედულებები სერიოზულ ხელშემშლელ გარემოებად სამართლიანად არის მიჩნეული“ - აცხადებენ ორგანიზაციაში და აღნიშნავენ, რომ ყველა სხვა კანდიდატი ღირსეულია, მაგრამ არასაკმარისად კომპეტენტური, ცნობადი და პრინციპული.

 „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის თანახმად,  საქართველოს სახალხო დამცველს 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, ასევე, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა მინიმუმ ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.