საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა შავგულიძე იმედს გამოთქვამს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებს წყენა მალე გაუვლით და საპარლამენტო ცხოვრებას დაუბრუნდებიან. როგორც From.ge-ს შალვა შავგულიძემ განუცხადა, სასიამოვნო ფაქტი არ არის, რომ ოპონენტებმა დროებით საპარლამენტო საქმიანობაზე უარი განაცხადეს, თუმცა ეს მათი უფლებაა თუ როგორ მოიქცევიან ისინი.
„ იმედია, უმცირესობას წყენა მალე გაუვლის და ჩვენ თანამშრომლობას პარლამენტში კვლავ განვაახლებთ, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია“,-განაცხადა შავგულიძემ.
შავგულიძის მსგავსად, უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უმცირესობის წევრებს „გაბუტვა“ გადაუვლით და საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდებიან, რადგან პარლამენტი არ არის „ქართული ოცნების“, ის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოა.