საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ შესაძლოა, კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.
წულუკიანის განმარტებით, საქმე ეხება ავღანეთში მებრძოლ სერგო თეთრაძეს, რომელიც საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.
აღნიშნულის შესახებ, წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის ეთერში განაცხადა.
წულუკიანის თქმით, თეთრაძის მეუღლემ ახალაიასა და სხვა პირების წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
სამხედრო პოლიციამ სერგო თეთრაძე, რომელიც ავღანეთში მსახურობდა, სახლში დააკავა და რამდენიმე დღეში ოჯახს გვამი მიუსვენეს.
„სერგო თეთრაძეს კითხვადნენ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა და როგორც ჩვენთვის უკვე ცნობილი წყარო ავრცელებს ინფორმაციას, სერგო თეთრაძე შემოაკვდათ ფიზიკური შეურაცხყოფის პირობებში. მინდა განვმარტო, ეს არის საჩივრის სახით შემოტანილი და ჩვენ არ ვჩქარობთ, ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს. მოხდება შესაბამისი პირების დაკითხვა, რომ საჩივარში მოყვანილი პრეტენზიები თუ არგუმენტები დადასტურდეს, სანამ პროკურატურა გადაწყვეტს, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას თუ არა.
ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც წინა ხელისუფლებამ მიგვაჩვია. ეს არის მტკიცებულებებზე დამყარებული სისხლის სამართლის პროცესი. როგორც კი, ჩვენ სხვა პირების მიმართაც გვექნება მტკიცებულებები, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში დანაშაულებს სჩადიოდნენ და ეს მტკიცებულებები დაკავებისთვის საკმარის საფუძველს შექმნის, არ არის გამორიცხული სხვა პირთა დაკავებაც მოხდეს. მაგრამ ჩვენ არსად გვეჩქარება, ჩვენ არ ვართ რევანშით შეპყრობილები. ჩვენ გვინდა საზოგადოებას შევუსრულოთ ის, რასაც დავპირდით - სამართლიანობის აღდგენა“, - განაცხადა წულუკიანმა.