ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობით ნატო-ში ინტეგრაციის კომისიის სხდომა მიმდინარეობს

ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობით ნატო-ში ინტეგრაციის კომისიის სხდომა მიმდინარეობს

მთავრობის კანცელარიაში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისია განახლებული შემადგენლობით პირველად შეიკრიბა. საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის 39 -ე სხდომას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებაში ჩართული ყველა უწყების პირველი პირები, მათ შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, შს მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, გარემოს დაცვის მინისტრი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი და ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე კომისიის შემადგენლობაშია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

ამავდროულად , სახელმწიფო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება შეიძლება ეთხოვოთ საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების თავმჯდომარეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს.

აღსანიშნავია, რომ კომისიის დღევანდელ სხდომას საქართველოს დაზვერვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი გელა ბეჟუაშვილიც ესწრება.

სახელმწიფო კომისია დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მექანიზმებსა და უახლოეს გეგმებზე იმსჯელებს, ასევე 2013 წლის ეროვნული პროგრამის შემუშავებისა და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომებისდაგეგმვის საკითხებს განიხილავს.