საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ავტობუსების მძღოლების პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის სატრანსპორტო განყოფილებასთან მოლაპარაკებებს დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდნენ.
როგორც პეტრიაშვილმა from.ge-ს განუცხადა, მძღოლებმა გაფიცვა მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს.
მისი თქმით, მძღოლები არა მხოლოდ ხელფასის ზრდას, არამედ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
„საუბარი არ არის მხოლოდ ხელფასის ზრდაზე, საუბარია იმ პირობებზე, რაც ავტობუსების მძღოლებს აქვთ. ეს არის სამუშაო დრო და მაღალი ჯარიმები. ძალიან რთული წესების დაცვაა საჭირო იმისთვის, რომ ჯარიმა არ მიიღო. მათ ხელფასის ძალიან მცირე ნაწილი მიაქვთ ხოლმე სახლში. საუბარი იმაზე, ხელფასის 200%-ით ზრდას ითხოვენ სიმართლეს არ შეესაბამება“ - განუცხადა from.ge-ს პეტრიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანია მძღოლების მიერ წარდგენილი 17 პუნქტიდან, 15-ის შესრულებას თანხმდება, თუმცა, როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ მოლაპარაკების დონეზე და ხელშეკრულებაში უნდა გაიწეროს.
„მძღოლს უნდა ჰქონდეს ჰქონდეს იმის განცდა, რომ ეს მხოლოდ შეპირება არ არის და თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანია დაპირებას ხვალ უკან არ წაიღებს“ - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, მძღოლების დღევანდელი გაფიცვა მხოლოდ გამაფრთხილებელია და ისინი მალე სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.
ამასთან, როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, თბილისის მერიის მხრიდან გაფიცვას ადეკვატური რეაგირება არ მოყვება, თბილისის მოსახლეობა დაზარალდება.
რაც შეეხება საბოტაჟის ნიშნებსა და მასში პროფკავშირების მონაწილეობას, პეტრიაშვილი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ გაფიცვა მიმართულია არა ახალი ხელისუფლების არამედ თბილისის მერიის წინააღმდეგ.
„რა საბოტაჟზეა საუბარი, პროფკავშირებს იმდენი მოხვდა წინა ხელისუფლებისგან და იმდენი პრობლემები ჰქონდა, რომ იმ ხელისუფლების პირობებში გააკეთებდა ამ გაფიცვებს. დააკვირდით, ვის წინააღმდეგ იწყება ეს გაფიცვა. მძღოლები დგანან „ქართული ოცნების“ მაისურებით და ედავებიან თბილისის მერიას და გიგი უგულავას. ეს მათ წინააღმდეგ ხდება. სამწუხაროა, მაგრამ იმდენად გაუსაძლის პირობებში იყვნენ ეს ადამიანები და იმდენად დამამცირებელი იყო მოპყრობა მათ მიმართ, ეს ყველაფერი ამიტომაც ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს გაფიცვა სწორედ რევანშიც არის ძველი ხელისუფლებისადმი“ - განაცხადა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ყვითელი ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. გაფიცვაში დედაქალაქის სამივე ავტოპარკი და 1300-ზე მეტი მძღოლი მონაწილეობს. მძღოლებს 17-პუნქტიანი მოთხოვნები აქვთ შემუშავებული, რომლის დაკმაყოფილებასაც მოითხოვენ.
თბილისში არ მუშაობს არც ერთი ავტობუსი და მოქალაქეები ძირითადად, მიკროავტობუსებით გადაადგილდებიან.
როგორც მძღოლები აცხადებენ, ეს გამაფრთხილებელი გაფიცვაა და თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, პროტესტი უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.