მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, მიმდინარე გამოძიების პროცესში ახალი დეტალები იკვეთება.
შესაბამისად, მისი თქმით, ყველა მათგანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედების საგანია და მათი შესწავლა ხდება, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მტკიცებულებები გამოიკვეთება, რომელიც სარწმუნოს გახდის, რომ სხვა მსგავსი შესაძლო დანაშაულია ჩადენილი, უახლოეს დროში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
აღნიშნულის შესახებ, არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ თოქ-შოუში „ღია ეთერი“ განაცხადა.
კბილაშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა ეპიზოდთან დაკავშირებით ათეულობით განცხადებაა, რომლებიც ჯერ ბრალდებად არ არის ფორმულირებული, თუმცა, იკვეთება ანალოგიური ტიპის დარღვევები, კერძოდ, წამების, ცემისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები.
„ყველა მათგანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედების საგანია და მათი შესწავლა ხდება. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება მტკიცებულებები, რომელიც სარწმუნოს გახდის, რომ სხვა მსგავსი შესაძლო დანაშაულია ჩადენილი, უახლოეს დროში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. ამ მიმართულებით ძალიან დიდი მასალაა. ამ ეტაპზე სხვა დაკონკრეტებული ეპიზოდების წარმოჩენა არ ხდება, თუმცა მოსალოდნელია, რომ უახლოეს დროში გავიგოთ ახალი, მსგავსი და განსხვავებული ეპიზოდების შესახებ, განსხვავებულში კი, ეკონომიკურს ვგულისხმობ“,- განაცხადა კბილაშვილმა.