მარი ოთარაშვილი "რეზონანსი"
ძამბოლატ თედეევი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ამის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება ცხინვალის ცესკომ გუშინ ხმათა მინიმალური სხვაობით მიიღო.
შეუძლია თუ არა თედეევს არჩევნებში მონაწილეობის მიღება - ამ საკითხის განხილვისას კომისიის 15 წევრიდან 7-მა უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, 6-მა - თანხმობა, 2-მა კი თავი შეიკავა. ამ გადაწყვეტილებამდე კი პრეზიდენტობის მსურველმა, თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და მისმა 250-მდე მომხრემ ცხინვალში დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის პიკეტირება მოახდინეს და შიგნით შეჭრა სცადეს, რასაც სროლა მოჰყვა.
მათი მთავარი მოთხოვნა თედეევის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირება იყო. "რეზონანსს" ცესკოს გადაწყვეტილების მიღებამდე ცხინვალიდან აცნობეს, რომ თედეევის კანდიდატად დარეგისტრირების საკითხი უარყოფითად გადაწყდებოდა. დე ფაქტო მმართველები საამისოდ "კონსტიტუციას" იშველიებდნენ, რომლის შეცვლასაც არ აპირებენ.
სწორედ დე ფაქტო კონსტიტუცია არ აძლევს თედეევს "არჩევნებში" მონაწილეობის საშუალებას, რომლის მიხედვითაც ეს პრეროგატივა იმ პირს გააჩნია, რომელსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხინვალში უცხოვრია. თედეევი კი ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
როგორც ცხინვალის სააგენტო "ოსინფორმი" იუწყება, თედეევის მომხრეებმა შენობაში შეჭრა იმის გამო სცადეს, რათა დე ფაქტო კომისიას გუშინ "პრეზიდენტობის" კანდიდატად თედეევის დარეგისტრირების საკითხი განეხილა. ვითარება უკიდირესად იმ დროს გამწვავდა, როცა შეკრებილებმა კარის შემტვრევა სცადეს და შუშებიც ჩალეწეს.
ადგილობრივი მილიციის საგანგებო დანიშნულების რაზმმა თედეევი და მისი მომხრეები შენობიდან გაიყვანა და ჰაერში გამაფრთხილებელი სროლაც განახორციელა.
შემთხვევის ადგილზე ვითარება მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყო. მიმდებარე ქუჩები მილიციას ჰქონდა გადაკეტილი. "ცესკო" დე ფაქტო მთავრობის შენობაშია განთავსებული. კომისიამ განაცხადა, რომ ვიდრე თედეევი და მისი მომხრეები არ შეწყვეტენ შენობის პიკეტირებას, კანდიდატად მისი დარეგისტრირების საკითხს არ განიხილავს.
თედეევის მომხრეებს მთელი დღის განმავლობაში არ დაუტოვებიათ "ცესკოს" პიკეტირებული შენობა. საღამოს 9 საათზე კი გადაწყვეტილება საბოლოოდ დაფიქსირდა. როგორც "ოსინფორმი" იუწყება, ხმის მიცემისას თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დარბაზში იმყოფებოდა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კი დამარცხებულმა თედეევმა დარბაზი მშვიდად დატოვა.
როგორც ცნობილია, "საპრეზიდენტო" არჩევნებში კანდიდატთაგან კრემლისა და კოკოითის ფავორიტი დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ანატოლი ბიბილოვია. თუმცა ვიდრე ეს გაცხადდებოდა, თავად ოს დე ფაქტო მმართველებში ბიბილოვის უპირატესობაზე ღიად საუბრობდნენ. გარდა ბიბილოვისა, კანდიდატებში მოიაზრებოდნენ "გენპროკურორი" თეიმურაზ ხუგაევი, "პარლამენტის" სპიკერი სტანისლავ კოჩიევი, "ვიცე-პრემიერი" დომენტი კულუმბეგოვი და ცხინვალში მოქმედი პარტია "მამულის" თავმჯდომარე - ვიაჩესლავ გობოზოვი. საუბარი იყო სამხრეთ ოსეთში რუსეთის ელჩზე, დიმიტრი მედოევზეც. თუმცა ამ დროისათვის რეალური შანსები უკვე მხოლოდ ანატოლი ბიბილოვს აქვს.
2 კვირის წინ კოკოითმა ეს ღიად დააფიქსირა კიდეც.
ცხინვალის მმართველი გუნდი თედეევის გაპრეზიდენტებას თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა, რადგან დე ფაქტო კონსტიტუციის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ იმას აქვს კანდიდატად მონაწილეობის უფლება, ვისაც ბოლო 10 წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უცხოვრია.
გარდა ამისა, ყველასთვის კარგადაა ცნობილი ღია დაპირისპირება თედეევსა და დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითს შორის. ეს შუღლი სათავეს წლების წინ იღებს. ძამბოლატ თედეევი კოკოითს ძმის მკვლელობაში ადანაშაულებს და, გავრცელებული ცნობების მიხედვით, მან ძმის საფლავზე დაიფიცა კიდეც, რომ შურს იძიებდა.
კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ მიუხედავად სამართლებრივი პრობლემებისა, თუ მოსკოვმა მოინდომა თედეევის "გაპრეზიდენტება", კონსტიტუცია შეიცვლება კიდეც.
"კრემლზეა დამოკიდებული, ვინ იქნება სამხრეთ ოსეთში ნომერი პირველი საპრეზიდენტო კანდიდატი - ანატოლი ბიბილოვი თუ ძამბოლატ თედეევი. თედეევს უნდა პრეზიდენტობა და თუ მიიღო მონაწილეობა, აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს," - ასეთი კომენტარი მისცა არეშიძემ "რეზონანსს" "ცესკოს" გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.
საგულისხოა, რომ გასული თვის დასაწყისში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთის რამდენიმე მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და ოპოზიციის ლიდერს, ძამბოლატ თედეევს დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
ცხინვალის შავ სიაში მასთან ერთად მოხვდნენ დე ფაქტო თავდაცვის ექსმინისტრი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი ბარანკევიჩი, რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი და ფე-ეს-ბეს ავიაციის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლაი გავრილოვი. მიუხედავად ამისა, თედეევი ცხინვალში შესვლას მაინც ახერებს ხოლმე, გუშინ კი "ცესკოს" სხდომაზე დასწრება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საპრეზიდენტი არჩევნები 13 ნოემბერს გაიმართება.
822
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85