ბაია ამაშუკელი "საქინფორმი"
ნიჭი და ტალანტი უფლისგან მომადლებული სიკეთეა. ნიჭიერებასა და ტალანტთან ბრძოლა კი ღმერთისგან ბოძებულთან ბრძოლას წააგავას. ნიჭიერიც და ბოროტი ადამიანიც იშვიათობას წარმოადგენს. ასეთებსაც, ძირითადად, უნიჭონი და გაუნათლებელნი ებრძვიან ხოლმე.
აგვისტოში ქართველმა საზოგადოებამ (და არა ამარტო ქართველმა – მსოფლიო საზოგადოებამაც) „სააკაშვილის აფსურდის თეატრის“ კიდევ ერთი სპექტაკლი იხილა. თითიდან გამოწოვილი, „ქსენოფობიაში ბრალდებების საფუძველზე“ კულტურის მინისტრმა „რურუამ მოხსნა სტურუა“. ანეკდოტადქცეული ეს ფრაზა მაშინვე პრესისა და მედიის პირველ გვერდებზე მოხვდა. საფუძველი კი თითქოს საქინფორმის ინტერვიუში სტურუას ნათქვამი ფრაზა – „სომეხია და რა ვქნათ“ და „რიგი ქსენოფობიური განცხადებები“ აღმოჩნა. თუმცა სტურუამ იმავე ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტად არც ფრანგსა და ამერიკელს ისურვებდა. ქსენოფობია არაფერ შუაშია. მსოფლიო ხუთეულში შემავალმა რეჟისორმა სტურუამ ხმამაღლა და დაუფარავად დღევანდელი ხელისუფლების „რეფორმების“ რეალური სახის მხილება გაბედა. „გაუბედა დიდ მიხეილ სააკაშვილს“. მსოფლიო რანგის რეჟისორის მიერ გაცხადებულმა სიმართლემ ხელისუფლებისთვის „სასიკვდილო განაჩენივით“ დაიქუხა. სააკაშვილი მთელ მსოფლიოს აბრუებს „მისი დემოკრატიული რეფორმების“ სარგებლიანობით. ამ დროს კი მსოფლიო დონის მაესტრო საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს. მართალია, სადღაც-სადღაც, ნახევრად ცარიელ დარბაზებში „უსმენენ“ სააკაშვილს, მაგრამ კიდევ უფრო „სადღაც“ და უფრო ყურადღებით უსმენენ რობერტ სტურუას.
მართლაცდ,ა ნონსენსია, რომ საქართველოში, რომელიც ერთ დროს ლამის „თეატრისა და კულტურის ერთგვარ მექად“ იყო ქცეული, „რურუა ხსნის სტურუას“. თუმცა გასაკვირი „სააკაშვილის საქართველოში“ აღარაფერია... მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად ასეც არ არის საქმე, როგორც სააკაშვილსა და მის „მეგობარ ამერიკას“ ჰგონია...
ხელისუფლებამ მაინც ვერ გაბედა და, ფაქტობრივად, საერთაშორისო სკანდალის ფონზე 23 სექტემბერს, დაგეგმილისამებრ, რუსთაველის თეატრის სეზონი სტურუას სპექტაკლი „ნადირობის სეზონით“ მაინც გაიხსნა. სტურუას გათავისუფლების ნამდვილი მიზეზიც სწორედ აქ გამჟღავნდა. „რურუამ მოხსნა სტურუა“, სტურუამ კი თავის სპექტაკლით ოვაციების, აპლოდისმენტებისა და ქართველი საზოგადოების სიყვარულის „რეკორდი მოხსნა“. ამით კი, ფაქტობრივად, მოხსნა რურუაცა და თავად სააკაშვილიც. მართალია, „ხელისუფლების ღამურები“ და ლაქიები სტურუას უნიჭობაში, თანამედროვეობასთან შეუსაბამობასა და „შემოქმედებით უნაყოფობაში“ სდებენ ბრალს, მაგრამ ნათქვამია – „გემოვნებაზე არ დაობენ“, თანაც – უგემოვნებო, გაუნათლებელ და უნიჭო ადამიანებთან... ესეც აქსიომაა. აქსიომაა ისიც, რომ იმ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტის გემოვნებით დადგმული „ქეთო და კოტე“ „მსოფლიო შედევრად“ ცხადდება, რურუა-სააკაშვილები უნდა ხსნიდნენ სტურუას.
„ნადირობის სეზონი“ – პიესაცა და სათაურიც, რომელიც დიდ მაესტროს შემთხვევით არ უნდა აერჩია, „ყველანაირ – სტრასბურგისა და ნიურნბერგის – სასამართლოზე“ სამართლიანი განაჩენი აღმოჩნდა. აჩვენონ მსოფლიოს „ნადირობის სეზონი“ და ის დაინახავს, რომ საქართველოს „21-ე საუკუნის ჰიტლერი“ მართავს. სპექტაკლის ეს დედააზრი მსოფლიოსთვის დიდი მაესტროს მთავარი გზავნილი იყო, მაყურებლისთვის კი – ორმოცწუთიანი აპლოდისმენტების საფუძველი.
სპექტაკლიც სტურუასეული ალეგორიით დაიწყო. გადაჭედილი დარბაზის ჩაბნელებული სცენა უოლტ დისნეის ზღაპრის გმირების – „ფიფქიასა და შვიდი ჯუჯას“ მონიტორზე ჩვენებით გაიხსნა. მისთვის ჩვეული მხატვრული ხერხებითა და ალეგორიული აქცენტებით რეჟისორმა მაყურებელი „დისნეის ამერიკულ ზღაპარში“ შეიყვანა. ზღაპრის თემაც და სიმღერის მელოდიაც ამ მულტფილმიდანაა არცთუ შემთხვევით შერჩეული ტექსტით: „ერთ მშვენიერ დღესაც ჩემი ოცნებებიც ასრულდება და ჩემი ზღაპრული პრინციც მოვა“, რაც ლაიტმოტივად გასდევს მთელ სპექტაკლს. სტურუას გენიალობა სწორედ იმაშია, რომ ყველა სპექტაკლისას ყოველ მაყურებელს ალეგერიული აქცენტების ინდივიდუალური ინტერპრეტაციის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, განსხვავებული გემოვნებისა და ინტელექტუალური დონის მაყურებლისთვის მაესტროს ხედვის მთავარი ხაზი მაინც გამოკვეთილი რჩება. ესაა დიდი მაესტროს გენიალურობა და რეჟისორული ხედვის ის ნიჭი, რომლის დანახვის უნარიც ხელისუფლებას არ შესწევს და რომელსაც აუცილებლად „დაინახავენ ისინი“, ვისი იდეოლოგიის „გამათრახებითაც“ სტურუა არსებულ რეჟიმსაც „ამათრახებს“. „ამერიკული ზღაპრის“ ჰოლივუდური „ჰეფი ენდის“ ფონზე სპექტაკლში ქართული სინამდვილე იშლება. მართალია, ხელისუფლების პორტრეტულ მსგავსებას ვერსად დაინახავთ, სიტყვა „საქართველოც“, ფაქტობრივად, ერთი-ორჯერ გაისმის. შესაბამისად, ცენზურისა და პრეტენზიების საბაბიც ნულის ტოლია. სწორედ ესაა თეატრალური ხელოვნების გროტესკისა და სატირის უნიკალურობა.
ბოლშევიკებიც სწორედ ამიტომ ებრძოდნენ სატირას, რომელიც ხელოვნებაში საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებული მანკიერი მხარეების გამოვლენას ემსახურება. „ნაციონალი ნეობოლშევიკებიც“ ამიტომ ებრძვიან დიდ ხელოვანებსა და ნიჭს.
თეატრის შესაძლებლობა და რეჟისორის გენიალურობის დამსახურებაც ის არის, რომ აქცენტების სიმძაფრისა და ფრაზების აშკარა ასოცირების მიუხედავად, ტირანულ ხელისუფლებასაც კი, საღი გონებრივი შესაძლებლობების შემთხვევაში, შემოდავების საბაბს არ უტოვებს. ეს თეატრია და ამას სპექტაკლის გმირები ამბობენ. ისინი ამხელენ და ამათრახებენ საზოგადოებაში დანერგილ და არსებულ „მახინჯ რეალობას“. ასეთ აქცენტებზე მაყურებლის მქუხარე აპლოდისმენტები კი იმის მანიშნებელია, რომ მაესტრომ საზოგადოების „სისხლმდენ იარებზე ხელის შეხება“ მოახერხა.
„ყვარყვარესა და ცარცის წრის“ სიმწვავეს შეჩვეული თბილისელი მაყურებელიც ბოლომდე „გაიხსნა“. მართალია, ცოტა გვიან. ამერიკის ჰიმნის ფონზე კიბედ გამოყენებულ პიედესტალზე „სიტყვით გამოსულშიც“ ყველამ ამოიცნო „ის“. „ისიც“ პრეზიდენტებს, „თეთრხალათიან, ავტომატიან ზომბებს“ – ძლიერთა ამა ქვეყნისათა, ეხვეწება – „პრეზიდენტებო, ცოტა დროზე, დაუჩქარეთ, დავიღალე!“ „ისიც“ დაიღალა და ქვეყანაც დაღალა და დატანჯა. მაწანწალაც, რომელიც „თავის ადგილს“ ვერა და ვერ პოულობს, „ოიდიპოსური გაორების“ ობიექტია! ოდესღაც მოხუცებულთა თავშესაფარში „ჩაბარებული“ დედის საფლავის ადგილმდებარეობას რომ იხსენებს, ესეც წინაპართა მგმობელ ხელისუფლებაზე გაკეთებულ სტურუასეულ აქცენტად აღიქვა მაყურებელმა! იგივე „გედი ჰენრიეტას“ მხატვრული სახე და პიესის მთავარი გმირის – იას გულწრფელი თანაგრძნობის მიმართვა: „შე საცოდავო ჰენრიეტააა...“ მაწანწალასაგან ამერიკის ყველაზე ცნობილი პრეზიდენტისთვის – კენედისთვის, „თავისუფლების სანაცვლოდ“ მირთმული საკუთარი ცოლი, ულამაზესი მერილინ მონრო და „ასეთი თავისუფლების“ სანაცვლოდ თეთრ პერანგზე მიღებული სისხლიანი ნატყვიარები... ეს ყველაფერი მაყურებელს „ზღაპრების ფონზე“ სასიამოვნო მელოდიის თანხლებით ნაქადაგები „თავისუფლებისა“ და ასეთივე „დემოკრატიის“ ამერიკულ სინამდვილეს უხნის. „თეთრხალათიან-ავტომატიანი პრეზიდენტებიც“, ხელზე წამოცმული ფეხსაცმელებით „ბუშისთვის ნასროლი ფეხსაცმლის“ მხატვრულ სახედ აღიქვა ბევრმა.
„ფეხსაცმლის მხატვრულ სახედ“ ქცევის თემას, სტურუას არაერთი დღის ნაფიქრალს რომ გამოხატავს, ინტერვიუდან მისი სიტყვებიც ცხადყოფს: „ ადრე თუ გვიან, ჩამოვა სხვენიდან ჩემი დაკონკილი საქართველო და ღიმილით მოირგებს იმას, რაც მას ასე უნამუსოდ წაჰგლიჯეს დედინაცვალმა და მისმა ნეობოლშევიკებმა“. პიესაშიც და შემდეგ სპექტაკლშიც გამოყენებული „კონკიას ქოშის“(პიესაში ბოტასის) თემაც იმის მხილება იყო, რომ „საქართველოს მორგებას“ ის ცდილობს, ვინც „მისი დედა“ ვერასდროს გახდება – ყოველთვის დედინაცვლად დარჩება. მთავარი გმირის შეკითხვაზეც (აზრობრივი მიახლოებით, – ბ.ა.) – „ ეს არის ჩემი საქართველო, ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ“ – მაყურებლის მქუხარე ოვაცია იმაზე მეტყველებდა, რომ ქართველი საზოგადოება (არა ისინი, ვინც თავს ასეთებად თვლიან) – ხელოვნებისა და ჭეშმარიტი ტალანტის შემფასებლები – სააკაშვილის შექმნილ ასეთი „ჰეფი ენდის საქართველოში“ თავს არაკომფორტულად გრძობს. მაყურებლის რეაქციიდან გამოჩნდა, რომ ქართველ საზოგადოებასა და მაყურებელს არც „სექსუალურად გადაღლილი ხუთწუთიანი კლიპების საქართველო“ მოსწონს. შემდეგ, ამერიკის ჰიმნის ფონზე – „დალიეთ კოკა-კოლა და ჩასწვდით ამერიკულ სულს“ (შესაძლოა, არაზუსტი პერიფრაზია, – ბ. ა.) დარბაზის წამიერი დაბნევა, სიჩუმე და „ამერიკული სინამდვილის“ ასე ღიად ნათქვამის მიმართ წამიერი შიში მოჰყვა, მაგრამ მყისიერი გარინდების შემდეგ მქუხარე ტაშის გრიალმა შეცვალა.
„ჭექა-ქუხილივით გავარდნილი ტაში“ იმის მანიშნებელია, რომ „ქართული სული“ ასე ადვილი შესაშინებელი მაინც არ არის. დღემდე ასე ღიადაც „ნაციონალების საქართველოში“ „ამერიკულად ნაქადაგები თავისუფლების“ ფიასკო საზოგადოების წინაშე არავის გამოუტანია. ეს ისევ რობიკომ მოახერხა. ქართველმა საზოგადოებამ ისევ ის თავისუფლება და კულტურული გენიის აღმაფრენა იგრძნო, რასაც ქართული თეატრის სცენიდან ყოველი სეზონის გახსნისას შეიგრძნობდა, რომელი თავისუფლებისთვისაც ამდენ ხანს იბრძოდა. გამოჩნდა, რომ ქართველი საზოგადოება, მიუხედავად ქვეყანაში დამკვიდრებული პიარტექნოლოგიებისა და დიქტატურისა, კვლავაც აზროვნებს, ანალიზისა და სწორი შეფასების უნარი ჯერაც არ დაუკარგავს. მოაზროვნე საზოგადოება და ასეთი შეფასების შესაძლებლობების მიმცემი, თუნდაც, მსოფლიო დონის მაესტრო კი, სააკაშვილსა და მის დამქაშებს რომ არაფერში სჭირდებათ, ფაქტია. მოხსნეს კიდეც.
„კონკიას ბროლის ქოშის თემის“ ანალოგიით, პიესაში გამოყენებული ბოტასის „თემის“ გადმოტანით, გონიერი საზოგადოება იმასაც დაინახავდა, რომ დაკარგული „წითელი ბოტასი“ (არც ქოში და არც „ქართული ქალამანი“) ის ფეხსაცმელია, რომელშიც (სავარაუდოდ, – ბ.ა.) საქართველო უნდა ვიგულისხმოთ. „ბოტასი“ პიესის მთავარმა პერსონაჟმა ავტომანქანაში პარტნიორთან „სექსუალური ვნებების“ დროს ფანჯრიდან გადმოყოფილი ფეხიდან დაკარგა. აქ სტურუა ოსტატურად ხნის სექსუალური მომენტებისადმი ხელისუფლების არაჯანსაღი იდეოლოგიის თემას; იმასაც, რომ ასეთ მომენტებზე ორიენტირებული გმირი (სავარაუდოდ, საქართველო, – ბ.ა.) ამგვარი იდეოლოგიით „იმ ფეხსაცმელსაც“ კარგავს, რომელიც „ზედ აცვია“. შეიძლება ვიგულისხმოთ ისიც (ავტორისეული ხაზგასმა, – ბ.ა.), რომ რამდენჯერაც საქართველო არაღირსეულად მოიქცა („გაბახდა“ ან შეგნებულად გააბახეს, – ბ.ა.), კლასიკურ-ტრადიციულ და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებს უღალატა, მისი კუთვნილი „ბროლის ქოშიც“ დაკარგა. ამის ალეგორიულ სახეებად კი პიესის გმირისგან „ფრენისას დანახული“ „აკროპოლისი, პართენონი, შექსპირის ბრიტანეთი“ უნდა ვიგულისხმოთ, ისევე, როგორც „ავტომატიანი ზომბების“ ფონზე გაჟღერებულ „შილერის ავაზაკებზე“ მაყურებლის ოვაცია, თბილისელების მხრიდან „სააკაშვილის პოლიციური და ავაზაკური რეჟიმის“ ამოცნობაზე რომ მეტყველებდა. მსახიობის შეკითხვა – „ეს კომედიაა, თუ ტრაგედია?“ – იმაზე მიანიშნებდა, რომ, მიუხედავად, ერთი შეხედვით, „ზღაპრული დასაწყისისა“ და ბარბარა სტრაიზანდის ბრწყინვალე ვოკალისა, „კეთილ ბოლოსთან“ საქმე არც საქართველოში გვაქვს. თეატრის სცენაზეც, რომელსაც სტურუა „ქვეყნის რეალური სცენის“ წარმოსაჩენად ბრწყინვალედ იყენებს, გამოჩნდა, რომ საქართველოშიც, სპექტაკლის მსგავსად, ფაქტობრივად, ტრაგედია ტრიალებს. ამ ტრაგედიის რეჟისორები კი „თეთრ ხალათებში გამოწყობილი ის ავტომატიანი ზომბები“ არიან, რომლებიც „მათგან დადუმებულ მანეკენებს“ – საქართველოს მოქალაქეებს, ერთიმეორის მიყოლებით თავებს აცლიან, მათსავე სარეცელთან ჩამომსხდარ საკუთარ თანამოაზრესაც კი არ ინდობენ. მეტიც, უბრალო და არაფრისმქმნელი სცენარისტსაც, რომელიც სხვა დანარჩენივით შესაძლოა, მათი მსხვერპლი გახდეს, იმავეს ჩადენას აიძულებენ. ეს მართლაც ტრაგედიაა და სპექტაკლის გმირის ფრაზაც – „ეს ტრაგედიაა, თუ კომედია?!“, მართლაც, „ნაციონალური რეალობის“ ტრაგიზმსა და კომიკურობაზე ერთდროულად მიუთითებს; ტრაგიზმზე – ქვეყანაში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, კომიკურზე – ამდენ ხანს საქართველომ გამოსავალი და ასეთი რეჟიმისგან გათავისუფლების გზა რომ ვერ მონახა.
სპექტაკლის ბოლოს ბევრი ქვითინებდა. მაყურებელი გაიხსნა. თავისუფლების ჭეშმარიტმა წყურვილმა ამოხეთქა. საბრალოდ მხოლოდ ჩვენი თაობის „ნაციონალთა“ მომხრეები გამოიყურებოდნენ, თაობის, რომელსაც ახსოვს სტურუას სპექტაკლები; იცის მისი მხატვრული ღირებულებაც. სწორედ ამის სანახავად მოვიდნენ თეატრშიც, რადგან ხელისუფლების პოლიტიკამ შესაძლოა, ქართველ საზოგადოებას, სხვა დანარჩენთან ერთად, ბრწყინვალე სპექტაკლების ხილვის შესაძლებლობაც წაართვას.
სპექტაკლი სტურუასია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის აუცილებლად სანახავია, მაგრამ პრეზიდენტის ტირანია და მისი მომხრეობა ემოციების, განცდისა და სიმართლისთვის თვალის გასწორების უფლებას ასეთ მაყურებლებს არ აძლევდა.
დღევანდელ საქართველოში „ტაშის დაკვრისა და ბრავოს დაძახების უფლებას“ მხოლოდ პრეზიდენტი იძლევა, ისიც – იმ შემთხვევაში, თუ ეს „აპლოდისმენტები და ბრავო“ პირადად მას ეკუთვნის. მის მიერ ნაქადაგები „ამერიკული დემოკრატიის საქართველოში“ შიშს ისეთი „დიდი თვალები“ აქვს, რომ მაყურებელს კარგი სპექტაკლის აპლოდირებისაც უნდა ეშინოდეს. ნაციონალების ფავორიტი მარინე ბერიძეც სპექტაკლის დასრულებისას მოკლე აპლოდისმენტების შემდეგ, სასწრაფოდ გაუჩინარდა დარბაზიდან. ვინ იცის... „დიდ ბატონს“ როგორ და რას მოახსებნებენ „იქ“...
ემოციებითა და სიმართლის მოსმენით აღტყინებული მაყურებელი კი ორმოცი წუთის განმავლობაში ტაშს ხან მსახიობთა დასს უკრავდა, ხან – ხელში ატატებულ დიდ მაესტროსა და მის გვერდით მდგომ პიესის ავტორს.
იქვე, სცენის წინ, სავარძელზე, რობერტ სტურუას მანეკენი იჯდა წარწერით – „მომხსნეს“. მის გვერდით რეზო ამაშუკელის პოეზიის საღამოზე სცენის გაფორმებისას გამოყენებული ტურაც დაედგა ვიღაცას. მასაც ეკიდა წარწერა „მეც მომხსნეს“.
ესეც სიმბოლურია! ყველა „ტურისა“ და გამყიდველის ბოლო ერთნაირია! ხელისუფლების მაამებლობა დიდხანს არ გრძელდება – საბოლოოდ ის „ასეთ ტურებსაც ხსნის“.
ნათქვამია – „რევოლუცია თავის შვილებს ჭამსო“.
ამრიგად, რუსთაველის თეატრი „ნადირობის სეზონით“ გაიხსნა, რამაც შესაძლოა, „ნადირობისა“ და რევოლუციონერთა „ერთმანეთის ჭამის სეზონიც“ გახსნას. ჩვენ კი დიდი მაესტროს დადგმულ კიდევ ერთ სპექტაკლს დაველოდოთ, რომელსაც, სავარაუდოდ, ისეთივე ფინალი ექნება, როგორც სტურუასეულ „ნადირობის სეზონს“ – მისი გმირი სპექტაკლის ბოლოს „დაკარგულ წითელ ბოტასს“ პოულობს!!!
P.S. კულისებში მაესტრომ „კვირის პალიტრას“ ექსკლუზიურად განუმარტა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი: „ერთი მიზეზი იყო ის, რომ ადმინისტრაციას ვთხოვე, პატრიარქისთვის გაეგზავნათ ხუთი მოსაწვევი. დარეკეს საპატრიარქოდან და მითხრეს, რომ მოსვლა სურთ. დამპირდნენ და არ გაუგზავნეს. როგორც ჩანს, ეს იყო მოლაპარაკება მაღალ ეშელონებთან. ამან ნერვები დამაგლიჯა, წუხელ ღამით გავიგე. მეორე და ძალიან ადამიანური მიზეზი კი გახლავთ ის, რომ არ მინდა, მტრები გავახარო. ორი გზა მქონდა – მე ეს ვარჩიე!..“
1189
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85