ლელა კუნჭულია "თავისუფლება"
მომავალი 2 წლის განმავლობაში აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა იმ გადაწყვეტილებებით იხელმძღვანელებს, რომლებიც ვარშავის სამიტზე იქნა მიღებული და რომლებიც ერთობლივ დეკლარაციაში აისახა. გარკვეული დაპირებები მიიღო აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულმა სამმა ქვეყანამ, - უკრაინამ, საქართველომ და მოლდავეთმა, - თუმცა არა იმაზე მეტი, რასაც მოელოდნენ. განსაკუთრებული მითითებები მიიღო ევროკავშირზე განაწყენებულმა ბელორუსიამ, რომელიც პროტესტის ნიშნად გამოეთიშა სამიტს.
ვარშავის 2-დღიანი სამიტის მსვლელობისას, 29-30 სექტემბერს, ევროკავშირის ლიდერები აჯამებდნენ მიღწევებს, რომლებიც აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ამოქმედების შემდეგ გასულ 28 თვეში აღირიცხა და რომლებიც საფუძვლად დაედება სამომავლო გეგმებს. ამ შედეგებზე საუბრისას განსაკუთრებით გამოიყოფა უკრაინა, საქართველო და მოლდავეთი. ეს სამი ქვეყანა ასევე ერთად მოიხსენია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - პოლონეთის - პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმაც შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, რომელიც 30 სექტემბერს პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა:
”დღეს სამიტზე, ვარშავაში, ვაცხადებთ ასევე, რომ 2011 წელს, შესაძლოა, დასრულდეს ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკება უკრაინასთან და ეს იქნება აგრეთვე საქართველოსთან და მოლდავეთთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების წელი.“
საქართველომ ასეთი დაპირება რომ მიიღო, ამას სამიტის ერთობლივი დეკლარაციაც ადასტურებს. თუმცა დეკლარაციის ტექსტში ვკითხულობთ იმასაც, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარშემო მოლაპარაკებები 2011 წელს დაიწყება იმ შემთხვევაში, ”თუკი იქნება საკმარისი პროგრესი რიგი დარჩენილი მთავარი რეკომენდაციების შესრულების კუთხით.”
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარშემო მოლაპარაკებების დაწყების მიმართულებით პროგრესი რომ იქნებოდა, ამას თბილისიც მოელოდა, თუმცა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უფრო მეტის მოლოდინიც იყო. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მოლოდინი გარკვეულწილად გააჩინა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 7 სექტემბერს - პოლონეთში ყოფნის დროს - გაკეთებულმა განცხადებამ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველო ამ შემოდგომაზე „სერიოზულ გარღვევას“ უნდა მოელოდეს.
თუკი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ უკვე 30 სექტემბერს გაკეთებული განცხადებით ვიმსჯელებთ, ის კმაყოფილია ცვლილებებით, რომლებიც მან ვარშავაში, 2-დღიანი სამიტის ფარგლებში, შენიშნა:
”ძალიან ბევრი ლიდერი ევროკავშირის ლაპარაკობდა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. არასოდეს, თუნდაც რამდენიმე თვის წინ, ამაზე ხმამაღლა ლაპარაკიც არ შეიძლებოდა. ეს არის ერთი ძალიან დიდი ცვლილება. მეორე, აბსოლუტურად ყველა და არა მხოლოდ ამ დარბაზში, არამედ პრესაში ევროპაში, ამერიკაში, მაგალითად, წერს, და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე შორს წასული აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, ეს არის საქართველო. მოლდოვასაც ახსენებენ, მაგრამ საქართველო ყველგან ფიგურირებს პირველ ადგილზე.”
აღმოსავლეთ მეზობლების სამომავლო გაწევრიანებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ დაპირებებზე საჯაროდ არაფერი უთქვამთ ევროკავშირის ლიდერებს და ეს აქცენტი არც სამიტის საბოლოო დეკლარაციაში ასახულა. აშკარაა, რომ ამგვარი სურვილი ევროკავშირის სივრცეში ამჟამად ძირითადად ახალი ევროპის ქვეყნებს ამოძრავებთ.
ამასთან, ევროკავშირისა და მისი აღმოსავლეთ მეზობლების დაახლოების პროცესში შესაძლოა გარკვეულ ხელშემშლელ ფაქტორად იქცეს რეგიონში არსებული კონფლიქტები. სავარაუდოდ, სწორედ ამაზე მიანიშნებს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რუმპეს მიერ 30 სექტემბრის ერთობლივ პრესკონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვები:
”კონფლიქტის დასრულების გარეშე რეფორმებს არ ექნება ეფექტი და დემოკრატია ვერ აყვავდება. ამასთან, სრულ პოტენციალს ვერ მიაღწევს ევროკავშირის ურთიერთობა თავის პარტნიორებთან. უსაფრთხოება და კეთილდღეობა ევროპაში დამოკიდებულია აღმოსავლეთ პარტნიორების სტაბილურობაზე. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს ნდობის აღდგენისა და შერიგების ნებისმიერ მცდელობას. ამის გასაკეთებლად ჩვენ გვაქვს საშუალებები და გამოცდილება.”
ჰერმან ვან რუმპე ხაზგასმით აღნიშნავს, და ეს სამიტის დეკლარაციაშიც არის აღნიშნული, რომ ევროკავშირი თავის აღმოსავლეთ პარტნიორებთან კიდევ უფრო დაახლოების ერთგული რჩება; ხოლო ეს ურთიერთობა ემყარება უცვლელ ფასეულობებს: თავისუფლებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და კანონის უზენაესობას.
ევროკავშირის ლიდერები აღნიშნავენ, რომ სწორედ ამ უცვლელი პრინციპების ხელყოფის გამო დაუწესა სანქციები ევროკავშირმა ბელორუსიას და პარალელურად შეზღუდა მისი მონაწილეობა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში.
ევროკავშირის ლიდერებმა სპეციალური გეგმა შეიმუშავეს და ვარშავიდან შეუთვალეს მინსკს, რომ თუკი ის მეტი პატივისცემით არ მოეკიდება დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, ლუკაშენკოს ქვეყანას ევროკავშირთან დაახლოების იმედი არ უნდა ჰქონდეს.
აღმოსავლეთის პარტნიორობის მომდევნო, მესამე, სამიტი ორი წლის შემდეგ გაიმართება. 2010 წელს პრაღაში გამართულ პირველ სამიტზე აიღო სტარტი აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამამ, რომელიც მიზნად ისახავს პროგრამაში ჩართული 6 ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდავეთის, უკრაინისა და ბელორუსიის - დაახლოებას ევროკავშირთან.
936
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85