რუსიკო მაჩაიძე რეზონანსი"
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ კომპანიას საარჩევნო სუბიექტის დაფინანსების უფლება მიეცემა. ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელიც ახალი "საარჩევნო კოდექსის" პროექტში ოპოზიციასთან შეუთანხმებლად მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ ამ პროექტში, რომელიც ვენეციის კომისიას უკვე გაეგზავნა, უნდა ასახულიყო ის საკითხები, რაც ოპოზიციის ნაწილთან გაფორმებულ შეთანხმებაშია აღნიშნული. თუმცა მას შემდეგ, რაც პრეოქტი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რამდენიმე სიურპრიზი აღმოჩნდა. მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიც არის მარკირებისა და საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების გაუქმების საკითხი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის გასაიდუმლოება, ცესკოს თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების გაზრდა და ა.შ.
თუმცა იმის გამო, რომ ახალი "საარჩევნო კოდექსის" პროექტი მთლიანად შეცვლილია, გადაადგილებულია მუხლები ერთი თავიდან მეორეში, მისი შედარება დღეს მოქმედ კოდექსთან საკმაოდ გაძნელდა.
მიუხედავად ამისა, მედიამ და არასამთავრობო სექტორმა გარკვეული ცვლილებების პოვნა მაინც შეძლო და ბოლო დღეების განმავლობაში "რეზონანსი" ამ ცვლილებებთან დაკავშირებით აქტიურად წერდა.
მიუხედავად იმისა, რომ შედარების პროცესი იყო ძალიან რთული პროექტის მთლიანად შეცვლის გამო და, რაც მთავარია, ხელისუფლებამ ცვლილებები შეთანხმების მონაწილე ოპოზიციის გარეშეც კი შეიტანა, ამიტომ სწორედ ამ ოპოზიციის მოთხოვნა იყო, რომ პროექტში მათ გარეშე შეტანილი ცვლილებები ხელისუფლებას საზოგადოებისთვის თავად გაეცნო.
ეს ცვლილებები გუშინ პარლამენტში, საგანგებოდ გამართულ სხდომაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ და საარჩევნო კოდექსზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის ხელმძღვანელმა პავლე კუბლაშვილმა გააცნო.
უნდა ითქვას, რომ ის ცვლილებები, რაც მის მიერ იქნა წარმოდგენილი, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია და ეს ის საკითხებია, რომლებიც ზემოთ უკვე ვახსენეთ.
თუმცა, კიდევ ერთი სიურპრიზი მაინც აღმოჩნდა და ეს არის ხელისუფლების ის გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ კომპანიას საარჩევნო კამპანიისას პარტიის დაფინანსების შესაძლებლობა ეძლევა.
დღეს მოქმედ კოდექსში ნათქვამია, რომ "დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის ფონდში შემოწირულობების მიღება: ა) სხვა სახელმწიფოსაგან; ბ) სხვა სახელმწიფოს იურიდიული ან ფიზიკური დ) საერთაშორისო ორგანიზაციისა და მოძრაობისაგან; ე) არასამეწარმეო იურიდიული პირის და რელიგიური ორგანიზაციისაგან; ვ) საქართველოს სამეწარმეო იურიდიული პირისაგან, რომელშიც არის სახელმწიფოს წილი."
ახალი კოდექსის პროექტში ეს ფორმულირება ასეა ჩამოყალიბებული: "დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის ფონდში შემოწირულებების მიღება: ა) სხვა სახელმწიფოსგან; ბ) სხვა სახელმწიფოს იურიდიული ან ფიზიკური პირისაგან; გ) მოქალაქეობის არმქონე პირისაგან; დ) საერთაშორისო ორგანიზაციისა და მოძრაობისაგან; ე) არასამეწარმეო იურიდიული პირის და რელიგიური ორგანიზაციისაგან; ვ) საქართველოს სამეწარმეო იურიდიული პირისაგან, რომელშიც არის სახელმწიფოს წილი 50 პროცენტი მაინც."
ასეთ კომპანიებს განეკუთვნება მაგალითა "თელასი".
ხელისუფლებას რა არგუმენტი გააჩნია ამ ცვლილებისას, ჯერჯერობით უცნობია. პავლე კუბლაშვილი აცხადებს, რომ გუშინ იყო მხოლოდ ცვლილებების პრეზენტაცია და არსებითი განხილვა კანონპროექტის საპარლამენტო განხილვისას მოხდება.
არასამთავრობო სექტორი კი ამ ცვლილებას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს, რადგან აცხადებენ, რომ ძნელი წარმოსადგენია, რომ სახელმწიფოს კუთვნილმა კომპანიამ, რაც უნდა მცირე წილს ფლობდეს, ოპოზიციური პარტიები დააფინანსოს და ამით ბიუჯეტიდან პირდაპირ სახელისუფლებო პარტიის დაფინანსება მოხდება.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, არასამთავრობო სექტორი რამდენიმე პრობლემაზე საუბრობს.
ისინი საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებისთვის ფოტო და ვიდეო გადაღების უფლების აღდგენას და დამკვირვებლების გაძევების პროცესის გართულებას ითხოვენ.
როგორც "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, არსებული კანონმდებლობით საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებს ჰქონდათ ფოტო და ვიდეო გადაღების უფლება, რაც მათთვის სერიოზული ბერკეტი იყო.
ლომჯარიას განცხადებით, წინა არჩევნებზე იყო შემთხვევები, როდესაც დამკვირვებლის ჩვენებები არ იყო მიღებული არგუმენტად და ამ შემთხვევაში ფოტო და ვიდეო მასალა დამკვირვებლებისთვის უკვე სერიოზულ არგუმენტსა და ფაქტობრივ მასალას წარმოადგენდა. მისივე თქმით, ახალი საარჩევნო კოდექსით გართულებულია საარჩევნო უბნიდან პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლის გაძევება, რაც ასევე უნდა გავრცელდეს დამკვირვებელზე და მედიის წარმომადგენელეზე, რათა მათ ერთნაირი გარანტიები ჰქონდეთ.
როგორც ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა აღნიშნა, შესაძლებელია გაგრძელდეს დისკუსია დამკვირვებლისთვის ფოტო და ვიდეო მასალის გადაღების უფლების დასაბრუნებლად, თუმცა, ეს არ უნდა იყოს სარჩევნო პროცესის შეფერხების საფუძველი, როგორც ეს წინა პრაქტიკამ აჩვენა. ასევე, აკაკი მინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ამბობს, რომ მზად არის გაგრძელდეს დისკუსია საარჩევნო უბნიდან დამკვირვებლების გაძევების პროცესის გართულებასთან დაკავშირებითაც.
ეს არის გაპარებული საკითხების ის ნაწილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებას იწვევს. ცხადია, ამაში იგულისხმება ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არგამოქვეყნება, უბნებიდან ვიდეოკამერების მოხსნა და ა.შ.
მართალია, ხელისუფლება ამ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, მაგრამ იმასაც აცხადებს, რომ ისინი მსჯელობას გააგრძელებენ და იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას შეძლებენ. თუმცა, არასამთავრობო სექტორი გაპარებული ცვლილებების ნაწილს საკმაოდ სახიფათოდ მიიჩნევს.
819
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85