პატიმრობაში მყოფმა ებრაელმა ბიზნესმენმა ზეევ ფრენკელმა ინფარქტი მიიღო და მას ქუთაისის ერთ-ერთ ახლადგახსნილ კლინიკაში შუნტირების ოპერაცია გაუკეთეს. როგორც მსჯავრდებულის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, ინფარქტის მიზეზი მის მიერ ფრენკელისთვის მიწოდებული იმ მედიკამენტების არმიღება გახდა, რომელიც ადრესატამდე მისვლის ნაცვლად, ციხის ექიმის კაბინეტში დარჩა.
ცნობისათვის, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი რამდენიმე დღის წინ მეორე ებრაელი ბიზნესმენის, რონი ფუქსის მიმართ "ღირსების შემლახველ და არაადამიანურ მოპყრობაზეც" საუბრობდა. როგორ უკრძალავდნენ გასეირნებას, სიცოცხლისათვის საჭირო მედიკამენტების მიღებას და როგორ აშინებდნენ კოკაინის ჩადებით, - თავად პატიმარზე დაყრდნობით ამის შესახებ ებრაული პრესაც წერდა.
ორივე შემთხვევა ისრაელის საელჩოსათვის უკვე ცნობილია და როგორც ბიზნესმენების უფლებების დამცველი ამბობს, ისრაელის მთავრობაც თავის პოზიციას უახლოეს მომავალში დააფიქსირებს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო არც ერთ ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. სამინისტროს პრესასთან ურთიურთობის სამსახური არც სატელეფონო ზარებს და არც მათი მოთხოვნისამებრ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეკითხვებს პასუხობდა.
ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან დუმილი ამ შემთხვევაში ყველაზე უგუნური საქციელია. ისინი ყველა წყაროებით უნდა ამტკიცებდნენ, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან თუკი დადასტურდა ის ზეწოლის ფაქტები, რაზეც ამ დღეებშია საუბარი, ეს ძალიან მძიმე საერთაშორისო დანაშაულია და ამას შეიძლება უმძიმესი შედეგები მოყვეს. ეს იქნება ქვეყნებს შორის, ერებს შორის დაძაბულობის მომტანი.
როგორც პატიმრის უფლებების დამცველი სააგენტო "პირველთან" საუბარში აცხადებს, "13 სექტემბრამდე ფრენკელი ქსნის #15 დაწესებულებაში იმყოფებოდა, 13 სექტემბერს იგი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გეგუთის ციხეში გადაიყვანეს, ხოლო მისი წამლები ქსნის ციხეში დარჩა. 14 სექტემბერს პატიმარს, რომელსაც ციხის ადმინისტრაცია აუცილებელ მედიკამენტებს არ აწვდიდა, წამლები ჩვენ შევუგზავნეთ, მაგრამ მათ ადრესატამდე ვერ მიაღწიეს.
"17 სექტემბერს წამლები ისევ შევაგზავნეთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც იგივე განმეორდა. შედეგად ფრენკელმა, რომელსაც აუცილებელი მედიკამენტები ერთი კვირის განმავლობაში არ მიუღია, ინფარქტი გადაიტანა. ის ქუთაისის ცხაკაიას სახელობის ახლადგახსნილ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ორი საათის განმავლობაში შუნტირება უტარდებოდა.
"ფრენკელი ამ დროისთვის რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაშია გადაყვანილი, ხოლო საქართველოში ისრაელის საელჩო მომხდარის შესახებ საქმის კურსშია ჩაყენებული".
ამ ფაქტამდე მეორე ებრაელი ბიზნესმენის, რონი ფუქსის მიმართ ციხეში არსებულ ზეწოლაზე ებრაული გამოცემა "იზრუსი" წერდა.
"როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ ორი ებრაელი ბიზნესმენისგატეხვა გადაწყვიტა.რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი, რომლებიც ქართულ ციხეში უკვე ერთი წელია იმყოფებიან, მუდმივ შეურაცხყოფასა და უკანონობაზე საუბრობენ, რომელიც გისოსებს მიღმა ხორციელდება", -წერს "იზრუსი" და იქვე ფუქსის მიერ გამოქვეყნეყბულ წერილს ავრცელებს, რომელიც, მისი მონაცემებით, ბიზნესმენმა ადვოკატს გაუგზავნა.
ბიზნესმენის თქმით, ქსნის #15 დაწესებულების ადმინისტრაციამ მას შეატყობინა, რომ ვეღარ მიიღებს იმ სპეციალურ კვებას, რომელიც დიაბეტით დაავადებულისთვისაა გათვალისწინებული. ამასთან, მას გასეირნების საათები და სატელეფონო ზარების რიცხვი შეუმცირეს და ამიერიდან შეუძლია, ტელეფონით თვეში მხოლოდ სამჯერ ისარგებლოს.
უფრო მეტიც, მას უარს ეუბნებიან ექიმის გამოძახებაზე, ღამღამობით კი საპატიმროს თანამშრომლები ნიღბებში საკანში ჩხრეკას ატარებენ, ზოგჯერ - საათში სამ-ოთხჯერ. ერთ-ერთი ასეთი ჩხრეკის დროს მას კოკაინის პაკეტი ჩაუდეს და ურცხვად უთხრეს, ამისთვის ციხეში 20 წელს გაატარებო.
კბილაშვილი ამბობს, რომ "ფუქსის საკანში შავნიღბიანების "ვიზიტები" 17 სექტემბრის საღამოდან დაიწყო და 4 დღე გრძელდებოდა. აღნიშნულის შესახებ ისრაელის საელჩო საქმის კურსშია ჩაყენებული. შესაბამისი მიმართვა მას თავად ფუქსმა გაუგზავნა. ელჩი უკვე ესაუბრა საქართველოს სახალხო დამცველსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელიც ამჟამად ვაშაძის საქართველოში არყოფნის გამო მის მოვალეობას ასრულებს".
რატომ ხდება ზეწოლა ბიზნესმენებზე, კბილაშვილს სხვადასხვა ვერსიები აქვს: "ამის მიზეზი შეიძლება ის გარემოება იყოს, რომ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში ფუქსის დავა დასკვნით ფაზაშია. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც საარბიტრაჟო სასამართლომ 1992 წელს ქართულ მხარეს კომპანია "ტრამექსისთვის" საქართველოში გაზისა და ნავთობის ექსკლუზიური წარმოების უფლების ჩამორთმევის გამო 100 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, ქართულმა მხარემ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ფუქსს თავისი პოზიცია ამ დრომდე არ შეუცვლია და კუთვნილ თანხას ითხოვს. მეორე ვერსია იმაში მდგომარეობს, რომ უკვე 11 თვეა, ფუქსი თავის პირვანდელ პოზიციაზე დგას და წაყენებულ ბრალს არ აღიარებს".
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებსზე ასეთ მოპყრობას ჩვენ მივეჩვიეთ, მაგრამ როცა უცხოეთის მოქალაქეს ეხები, რომლის უფლებები იმ ქვეყნის კონსტიტუციით, დამნაშავეც რომ იყოს, დაცულია, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულია.
გია ხუხაშვილი: "ვიცით, რომ ისრაელის სახელმწიფომ ბიზნესმენების დაკავების დროს საქართველოს გაფრთხილების მინიშნებაც მისცა და პარლამენტის თავმჯდომარისა და ეკლნომიკის მინისტრის ოფიციალური ვიზიტები გადადო. თუკი ეს გაფრთხილება სწორად არ იქნა გაგებული, ამას უფრო მძიმე ნაბიჯები მოჰყვება. ეს არ არის უბრალო "ხუშტურები", აქ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზეა საუბარი.
"უნდა გვესმოდეს, რომ ისრაელთან ურთიერთობის გაფუჭება ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ჯაჭვური შედეგების მომტანი იქნება. მე არა ხელისუფლების ინტერესზე, არამედ სახელმწიფოს ინტერესზე ვსაუბრობ. ამიტომაც მოვუწოდებ ხელისუფლებას, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას დააზარალებს.
"ამ წუთამდე არ მინდა დავიჯერო რომ ის ფაქტები, რაზეც ბიზნესმენების ადვოკატი საუბრობს. თანაც, ძალიან მაშფოთებს ამ თემაზე ხელისუფლების მხრიდან კომენტარის არარსებობა. ვფიქრობ, რომ ხელისუფლება უნდა ცდილობდეს რამენაირად დაადასტუროს ის, რომ რაზეც არის საუბარი, ეს ასე არ ყოფილა.
"ისრაელი არ არის ერთ-ერთი რიგითი ქვეყანა. ჯერ ერთი, ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე და საქართველოს მოყვარული ცხოვრობს ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, ისრაელი სერიოზული, დიდი გეოპოლიტიკური კვანძის მნიშვნელოვანი ნაწილია და თუკი ეს ფაქტები დადასტურდება, მძიმე შედგები შეიძლება მოგვიტანოს არა მხოლოდ ისრაელთან, არამედ ჩვენს ბევრ სტატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში.
"მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ თუ რამე გადაცდომები იყოს, დაისაჯოს დამნაშავე. ან დაადასტუროს, რომ არანაირი გადაცდომები არ ყოფილა და ეს ყველაფერი სინამდვილეს არ შეესაბამება. მათი მხრიდან რეაგირება უნდა მოხდეს, სხვანაირად ამას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება".
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, ქართველმა სამართალდამცველებმა ებრაელი ბიზნესმენები ქრთამის შეთავაზების ფაქტზე გასულ წელს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბიზნესმენები ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ავთანდილ ხარაიძეს 7 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ იმაში, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაერწმუნებინა, არ გაესაჩივრებინათ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მხარისათვის ფუქსისა და ფრენკელის კუთვნილი კომპანია "ტრამექსის" სასარგებლოდ 100 მილიონი დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე. თავის მხრივ, ხარაიძემ აღნიშნული შეთავაზების შესახებ პროკურატურა საქმის კურსში ჩააყენა, რის შემდეგაც ებრაელი ბიზნესმენების დაკავების ოპერაცია დაიგეგმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ რონი ფუქსს თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა, ზეევ ფრენკელს კი - 6 წლითა და 6 თვით. გარდა ამისა, მოსამართლე ფუხაშვილმა ფუქსს საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ 500 000 ლარის გადახდა დააკისრა, ფრენკელს კი - 100 000 ლარის. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. საქმე ამ დროისთვის უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული. პარალელურად მზადდება სარჩევი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვისაც.
ამასთან, ფუქსისა და ფრენკელის ოჯახის წევრებმა პრეზიდენტ სააკაშვილს მათი შეწყალების თხოვნით აპრილში მიმართეს. შვილები მშობლების გათავისუფლებას ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ითხოვდნენ, მაგრამ პრეზიდენტმა ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.
850
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85