საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ხაინდრავა მთავრობის ყოფილი წევრების მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადებას შეიტანს და შესაბამისად, პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის წევრების მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
აღნიშნულის შესახებ ხაინდრავამ ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
„ველოდები, როდის ჩამოყალიბდება საქართველოში ახალი ინსტიტუციები. ამის შემდეგ საკითხს დავაყებენ, გამოიძიონ დანაშაული, რომელიც პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდა. ასევე, მოვითხოვ გამოძიება დაიწყოს 2004 წლის თებერვლიდან მთავრობის წევრების მიმართ. იქიდან მოყოლებული მთავრობის ყველა წევრი ეჭვმიტანილია კანონდარღვევებში“, - განაცხადა ხაინდრავამ.
ამასთან, ხაინდრავას თქმით, განცხადების შეტანისას დააფიქსირებს, რომ გამოძიების დაწყება მისი საქმით დაიწყოს, რადგან იმ დროისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას ხელმძღვანელობდა.
„პირველ ჩვენებას მე მივცემ და მოვითხოვ, გამოძიება დაიწყოს ჩემგან, რადგან მე ვხელმძღვანელობდი იმ დროისთვის ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებას, კონფლიქტების მოგვარებას. ამ სფეროში უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, ლომაიას და ბევრ ჩინოვნიკს“, - განაცხადა ხაინდრავამ
ხაინდრავამ მის მიმართ დაწყებულ გამოძიებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საფრანგეთში გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა, ფალსიფიკაცია იყო.
„ვიდეომასალა იყო ფალსიფიკაცია და მე ამას დავამტკიცებ. ეს მასალები გაავრცელა არა საფრანგეთის ჟანდარემიარიამ, არამედ პირველ რიგში საქართველოდან მოცოცხილმა მურთაზ ზოდელავამ. ეს ყველაფერი გაირკვევა და ამაზე მურთაზ ზოდელავა რომ დაისჯება, ამის პირობას გაძლევთ“, - განაცხადა ხაინდრავამ.
საქართველოს პროკურატურამ აღნიშნული მასალა 25 სექტემბერს გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ 2011 წლის ნოემბერში გოგა ხაინდრავა საფრანგეთში „კანონიერ ქურდებს“ შეხვდა და მათ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი, საქართველოში გავლენის დაბრუნება აღუთქვა.