თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ძველი ხელისუფლების მიერ არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნის შესახებ ინფორმაცია დადასტურებულია.
აღნიშნულის შესახებ,თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, თუმცა მედიის წინაშე დეტალების გახმაურებისგან თავი შეიკავა.
„ჩემს მიერ ბოლო თვეების განმავლობაში, ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში კეთდებოდა განცხადებები იმის თაობაზე, რომ სამხედრო რეზერვი არასწორად იქმნება. ჩემი პრევენციული განცხადება და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფები იქმნებოდა, დადასტურებულია, თუმცა მედიის თანდასწრებით ამაზე საუბარს არ ვაპირებ, მაგრამ თუ სურვილი გექნებათ, მზად ვარ, მედიის გარეშე დავრჩე და მოგაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია, თუ სად იქმნებოდა ეს ჯგუფები, რა წვრთნები იმართებოდა და ა.შ. ჩვენი ინფორმაციით, ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც ეს დაჯგუფებები იქმნებოდა, დაძაბულობის შემთხვევაში, მათი ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენება იყო“, - განაცხადა ალასანიამ.
ალასანია ამბობს, რომ ახალი მთავრობის მიზანი იქნება, ამ დაჯგუფებებიდან ადამიანები თავდაცვისა და შინაგან საქმეთა უწყებებს ლეგალური გზით დაუბრუნდნენ.