სახელმწიფოს ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე აღიარებს, რომ MAP-ი მათი წარუმატებლობა იყო. ამის შესახებ მან დღეს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ის, რომ საქართველომ MAP-ის მიღებას ვერ მიაღწია ყოფილი ხელისუფლების პრობლემაა, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს იმით არ იყო განპირობებული, რომ მთავრობამ რაღაც არ გააკეთა.
„ჩვენ ვერ მივაღწიეთ საწადელს და ეს არის ყოფილი ხელისუფლების პრობლემა, MAP-ი ჩვენი წარუმატებლობა იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამისთვის ყველაფერი არ გავაკეთეთ. ეს მოხდა გეოპოლიტიკური მიზეზის და რუსეთის პოზიციის გამო", - განაცხადა ბარამიძემ.
მისივე განმარტებით, ეთანხმება მოსაზრებას, რომ ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით მოლოდინები ხელოვნურად არ უნდა "აიწიოს", თუმცა მიიჩნევს, რომ იმას, რასაც საქართველომ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია, "მთავრობა უნდა მიაწვეს".
"შინაარსობრივად ჩვენ MAP-ზე მეტი გვაქვს, ალიანსში ორი გუნდია შექმნილი და ისინი მსჯელობენ იმაზე, თუ რომელია უფრო მთავარი, MAP-ი თუ წლიური სამოქმედო პროგრამა, რომელიც საქართველოს აქვს. ბუნებრივია ჩვენ ხელოვნურად არ უნდა ავწიოთ მოლოდინები, მაგრამ მიმაჩნია, რომ რასაც მივაღწიეთ, იმას უნდა მივაწვეთ“, - აღნიშნა მან.
ამასთან ბარამიძე მიიჩნევს, რომ თუ ჩვენ ვიბრძოლებთ მხოლოდ MAP-ისთვის და MAP-ის გარეშე საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისთვის ყველაფერს არ გავაკეთებთ, ეს შეცდომა იქნება.
„არც ის უნდა ვთქვათ, რომ საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად მზად არ არის. თუ ჩვენ ამას ვიტყვით, ალიანსში ჩვენივე პოზიციებს დავაზიანებთ", - განაცხადა ბარამიძემ.
მან მინისტრობის ახალ კანდიდატს, ალექსი პეტრიაშვილს მოუწოდა ჩამოაყალიბონ მოქნილი პოზიცია, რომ არასწორი ფორმულირებებით და განცხადებებით, ნატოში უკვე შექმნილი პოზიციები არ დააზიანონ.
საპასუხოდ, ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო პოლიტიკურად და დემოკრატიის კუთხით ნატოში გასაწევრიანებლად მზად მალე იქნება.