საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ რურუა გუშინ მოადგილეებთან ერთად, კულტურის სამინისტროს თანამშრომლებს დაემშვიდობა.
XX საუკუნის ცნობილი ქართველი ხელოვანის, გრაფიკოსის, ფერმწერის, ილუსტრატორის, თეატრის მხატვრის სერგო ქობულაძის კატალოგის პრეზენტაციის დაწყებამდე, რურუამ გაწეული მუშაობა შეაფასა და ნაყოფიერი უწოდა.
„მე ჩემს მოადგილეებთან ერთად ჯოჯოხეთურ რეჟიმში ვმუშაობდი და იმედია, ხელოვანები იმ სტანდარტს არ დაუწევენ, რაც აქამდე მოვიტანეთ. თუკი სტანდარტი დაიწევა, ხელოვნებას ეს მნიშვნელოვნად დაეტყობა და დააკლდება. მომავალ მინისტრს მე წარმატებებს ვუსურვებ მუშაობაში“, - განაცხადა რურუამ.
რურუასთან ერთად სიტყვით მისი უკვე ყოფილი მოადგილეებიც გამოვიდნენ.
როგორც დავით ცხადაძემ განაცხადა, ის ნიკა რურუას ბავშვობიდან იცნობს და მასთან, როგორც თანაგუნდელთან მუშაობა საინტერესო აღმოჩნდა.
მაკო ჭოღოშვილმა კი, ნიკა რურუას მადლობა გადაუხადა, რომ ქვეყნის აღმშენებლობის იმ პერიოდში, როდესაც მას ნიკოლოზ რურუასთან ერთად მუშაობა მოუწია, არ ყოფილა მაყურებელი ქვეყნის აღმშენებლობისა არამედ, იყო მონაწილე.
ნიკოლოზ რურუას მრჩევლის ქეთევან იგნატოვას თქმით, ის ოპტიმიზმითაც არის აღსავსე, თუმცა არის სევდიანიც.
ნიკა რურუას კულტურის მინისტრის თანამდებობაზე გურამ ოდიშარია შეცვლის.