ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს კონსილიუმზე დასკვნა მიიღეს. დასკვნის თანახმად, ევროკავშირის საბჭო საქართველოს ახალი პრემიერის ვიზიტს უახლოესი შესაძლებლობისთანავე ელოდება.
ამასთან, დასკვნაში გამოხატულია ევროკავშირის მზადყოფნა, გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს ახალ ადმინისტრაციასთან ასოცირებული შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო არეალის შექმნაზე და უვიზო რეჟიმის შექმნის საკითხებზე.
დასკვნაში ხაზგასმულია ქვეყანაში პოლიტიკური ტრანზიციის პროცესის მშვიდობიანობის გადამწყვეტი მნიშვნელობა და პარლამენტისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურად განსაზღვრული უფლებამოსილებისადმი პატივისცემის აუცილებლობა.
დასკვნაში ასევე ხაზგასმულია ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტის სრული ტექსტი კი ასეთია:
1. საბჭო მიესალმება 1-ელი ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და ულოცავს ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას მათ ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ. ევროკავშირი ითვალისწინებს ეუთო-ს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს ზოგად პოზიტიურ შეფასებას არჩევნებთან დაკავშირებით და თავს მოვალედ მიიჩნევს, დაეხმაროს საქართველოს ამ ორგანიზაციების რეკომენდაციების აღსრულებაში.
2. საბჭო მოუწოდებს საქართველოს ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პოლიტიკურ პარტიებს ტრანზიციის პერიოდში კონსტრუქციული თანამშრომლობისაკენ, რათა უზრუნველყონ სტაბილურობა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და კარგი მმართველობა, სრული პატივისცემა დემოკრატიულად გამოხატული ხალხის ნებისა და პარლამენტისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურად განსაზღვრული პასუხისმგებლობის მიმართ. საბჭო მიესალმება მხარეებს შორის კონტაქტის ადრეულ ეტაპებზევე დამყარებას, ყოფილი და მომავალი ადმინისტრაციის წევრების ძალისხმევას, უზრუნველყონ ეფექტური და გამჭირვალე პოლიტიკური ტრანზიცია.
3. საბჭო ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას, აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში, ითანამშრომლოს საქართველოსთან პოლიტიკური ასოციაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებში და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ევროკავშირის მიერ აღებულ ვალდებულებას, იღვაწოს ორმხრივი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა უვიზო მიმოსვლა, თუკი დაკმაყოფილებული იქნება მოთხოვნები გამართული და უსაფრთხო მოძრაობის შესახებ. საბჭო აცნობიერებს საქართველოს ევროპულ არჩევანსა და მისწრაფებებს და მზად არის მომავალი თანამშრომლობისათვის მხარეთა შორის არსებული ამბიციური ურთიერთშეთანხმების მიზნების მისაღწევად.
4. ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს და რჩევებით დაეხმაროს ახალ ადმინისტრაციას, განაგრძოს ტექნიკური დიალოგი, რათა შენარჩუნებულ იქნეს უწყვეტობა და სათანადო ტემპი ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში, რომელთა შორისაა ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო არეალის შექმნა და მიმდინარე დიალოგი ვიზებთან დაკავშირებით. საბჭო ხაზს უსვამს ევროკავშირის მზადყოფნას, დაეხმაროს საქართველოს ამ საკითხთან დაკავშირებულ რეფორმების გატარებაში. საბჭო მოელის ახალი პრემიერ-მინისტრის ვიზიტს უახლოესი შესაძლებლობისთანავე.
5. საბჭო ხაზს უსვამს ასევე ქვეყანაში ეფექტური საპარლამენტო ოპოზიციისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების არსებობის გადამწყვეტ მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის და ადასტურებს თავის განზრახვას ხელი შეუწყოს ამ სფეროში სიტუაციის გაუმჯობესებას.
6. საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი ელოდება საქართველოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართულობის პოლიტიკის გაგრძელებას; ელის საქართველოს მხრიდან სეპარატისტულ რეგიონებთან ეფექტურ მიდგომის შემუშავებას; გამოთქვამს მზადყოფნას, ჩართული იყოს საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტის მოგვარების მცდელობებში, შეასრულოს საკუთარი მოვალეობა, როგორც თანათავმჯდომარემ ჟენევის მოლაპარაკებებში და წარმოდგენილი იყოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, განაგრძოს ეუთო-ს მისიის დაბრუნების მოთხოვნა.