თბილისის განვითარების ფონდის თანამშრომლების განცხადებით, იგეგემება თბილისის განვითარების ფონდის გაუქმება, რასაც თბილისის მერია ფორსირების რეჟიმში ახორციელებს. თანამშრომლების გათავისუფლება კი ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების შედეგად ხდება.
„ჩვენ გვევალებოდა კონკრეტულ პროექტებზე სამუშაოების შესრულება: თითოეულ ობიექტზე კვლევითი სამუშაოს წარმოება, მოსახლეობასთან ურთიერთობა, არქიტექტურულ ნაწილზე და სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობა, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და შეთანხმების უზრუნველყოფა. გადაწყვეტილებები პროექტების დაფინანსებისა და დაგეგმვის შესახებ უშუალოდ მერიის კომპეტენციას წარმოადგენდა. შესაბამისად, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდი ასრულებდა უშუალოდ დედაქალაქის ხელმძღვანელობის მითითებებს და ბრძანებებს. ყოველ ჩვენგანს პასუხისმგებლობა აკისრია მიმდინარე პროექტების დასრულებაზე. ყველა თანამშრომლის ინტერესში შედის, რომ დაწყებული საქმიანობა დასრულდეს. დაუსრულებელი სამშენებლო სამუშაოების გამო, ოთხასზე მეტი ოჯახი დარჩენილია უსახლკაროდ და გაურკვეველია დაუმთავრებელი ან დანგრეული ობიექტების მომავალი. დაფინანსების შეწყვეტის გამო, სამშენებლო კომპანიებმა შეაჩერეს მუშაობა და გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან", - აღნიშნულია განცხადებაში.
ფონდის თანამშრომლები ითხოვენ იმის საშუალებას, რომ ფონდმა სრული შემადგენლობით გააგრძელოს საქმიანობა, რომელსაც წლების განმავლობაში ეწეოდნენ, მათი გათავისუფლება კი მერიის ხელმძღვანელობის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
„ფონდის ლიკვიდაცია ადასტურებს ფაქტს, რომ თითქოსდა თბილისის განვითარების ფონდი დამოუკიდებლად იღებდა და წყვეტდა ყველა საკითხს და ამ ქმედებით მერია მთლიანად მოიხსნის პასუხისგებლობას ფონდის მიერ გაწეულ საქმიანობაზე. ზემოაღნიშნული საკითხების გათვალისწინებით ვითხოვთ, ფონდმა სრული შემადგენლობით გააგრძელოს ფუნქციონირება, რათა პირნათლად შევასრულოთ ქ. თბილისის მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულებები", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 80-ზე მეტი თანამშრომელი აწერს ხელს.