ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თანდართული ფუნქციები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს დაემატა, სამინისტროს ეფექტური მართვისა და ოპტიმალიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კვირიკაშვილი პირობას დებს, რომ აბსოლუტურად ყველა ტენდერი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელდება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველანაირი ნეპოტიზმისაგან თავისუფალი იქნება.
„ჩემი მთავარი პრიორიტეტი კერძო სექტორის ფუნქციონირებაში მინიმალური ჩარევაა. ასევე ეფექტური ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, თანდართული ეფექტური და სამართლიანი სასამართლო სისტემა, მაქსიმალური კოორდინაცია ეკონომიკური გუნდის წევრებს შორის და ვფიქრობ, ეს წარმოდგენილი კანდიდატების გათვალისწინებით ადვილად მიღწევადია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება, რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებას, კვირიკაშვილის თქმით, ეს მსჯელობის საგანია. ხოლო რაც შეეხება, ანტიმონოპოლიურ სამსახურს, ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური საკითხია და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.