კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი მინისტრობის ყველა კანდიდატს დღეს 11:00 საათზე კოალიციის ოფისში დაასახელებს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატის სოზარ სუბარის განცხადებით, პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების თაობაზე კონსულტაციები უკვე დასრულდა, მინისტრობის ყველა კანდიდატზე შეთანხმება მიღწეულია და მათი ვინაობა დღეს დასახელდება.
„კანდიდატურების განხილვა დასრულდა. დარჩენილ 5 უწყების ხელმძღვანელს კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი დღეს, 11 საათზე წარადგენს. სავარაუდოდ, არ დასახელდება დასაქმების მინისტრის კანდიდატურა, ასე შევთანხმდით, რადგან ჩვენ იდეაში ამ უწყების გაუქმებას ვგეგმავთ“, - განაცხადა სუბარმა.
დავით საგანელიძემ კი ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ დასახელებულ სავარაუდო კანდიდატებს შორის, რომელთა შესახებ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რეალურად განიხილება გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა განათლების მინისტრის პოსტზე, ხოლო ნოდარ ხადურის კანდიდატურა - ფინანსთა მინისტრად.
საგანელიძემ არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე განიხილება მამუკა ნიკოლაიშვილი.