მთავარი პროკურორობის კანდიდატმა არჩილ კბილაშვილმა პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების"ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ, საარბიტრაჟო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე დღეს, for.ge - ის პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
კბილაშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში, უნიკალურ, უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა მომჩივანი, მოპასუხე ქვეყნის პრემიერ-მინისტრია .
კბილაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ, მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში შეტანილ საჩივარზე უარის თქმას არ გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღება ივანიშვილის პრეროგატივაა .
"ასეთი რამ საარბიტრაჟო ინსტიტუტის ისტორიაში არ ყოფილა. ბუნებრივია , ასეთ შემთხვევაში, ლოგიკურად დგას კითხვა ან ერთმა მხარემ უნდა დათმოს ან მეორემ. თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ბიძინა ივანიშვილის პრეროგატივაა და ამ გადაწყვეტილების შესახებ, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც პრემიერ-მინისტრი გახდება", - განაცხადა კბილაშვილმა.
კბილაშვილი განმარტავს, რომ ივანიშვილის მხრიდან დათმობა ნიშნავს, რომ მან თავის საჩივარზე უარი უნდა თქვას, ხოლო თუ მოპასუხე სახელმწიფო დათმობს, მაშინ მან ის უკანონობები უნდა აღიაროს, რომელიც მას აქვს ჩადენილი.
"რომელი ერთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ივანიშვილის მიერ გახდება ცნობილი. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, თვით იმ დროს, როდესაც ამ საქმის მომზადება მიმდინარეობდა და კონსულტაციები მქონდა, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ ჩემთვის ფული მთავარი არააო. ჩემთვის მთავარია აღიარება იმისა, რომ სახელმწიფო უკანონოდ მოიქცაო . ამ ადამიანს მაშინ, როდესაც მაღალი რაგნის სახელმწიფო მოხელე არ იყო თუ ასეთი განწყობა ჰქონდა, ვფიქრობ, მსგავსი განწყობა გაჰყვება, როდესაც პირველი პირი გახდება", - განაცხადა კბილაშვილმა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ შესახებ მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრში დავის დაწყების შესახებ 1 -ელ აგვისტოს განაცხადა.
არჩილ კბილაშვილის განმარტებით, ყველა ის საინვესტიციო უფლება, რომელიც გასული წლის ოქტომბრიდან შეილახა, აღნუსხულია და ცენტრს განსახილველად წარედგინა. მათ შორის არის "ბანკ ქართუსთან დაკავშირებული ქმედებები, კერძოდ კი კანონის შეცვლა, რომლის საფუძველზე "ბანკ ქართუს " 119 მილიონი ლარის ზარალი მიადგა.
საჩივარი ასევე შეეხება რეიდს, რომელიც შს სამინისტრომ 2011 წლის ოქტომბერში მოაწყო, როდესაც ფულის გათეთრების ბრალდებით საინკასაციო მანქანა დააკავა.
საუბარია ძალოვანი სტრუქტურების ზეწოლით ბანკიდან კლიენტების გადინებაზეც . კბილაშვილის ინფორმაციით, 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს, აღნიშნულის გამო ბანკიდან 45 მილიონი ლარი გაედინა.
ასევე, დავა ეხება ყადაღას, რომელიც "პროგრეს ბანკში" ბიძინა ივანიშვილის წილს დაედო.