2012 წლის 13 ოქტომბერს, დილის 08.35 საათზე №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ბრალდებული რ.გ. გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სასჯეაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პატიმარი გულის მწვავე უკმარისობის დიაგნოზით თბილისის №8 დაწესებულებიდან №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში სასწრაფო წესით გადაიყვანეს.
მათივე ცნობით, სამკურნალო დაწესებულებაში პაციენტი მოთავსდა ანესთეზია-რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები. მიუხედავად სამედიცინო დახმარებისა, სამწუხაროდ პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები.
განცხადებაში სამინისტრო ასევე ღრმა მწუხარებას გამოხატავს პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.