საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ლევან ყიფიანის განცხადებით, მისი მინისტრობის დამტკიცების შემთხვევაში იგი საქართველოს სპორტულ ქვეყნად გადაქცევაზე იზრუნებს, ხოლო რაც შეეხება მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის მოთხოვნას, უფასო ბავშვთა ფეხბურთის სექციების შექმნის შესახებ, ყიფიანმა განაცხადა, რომ ბავშვთა უფასო სპორტული სექციების განვითარების კონცეფცია მუშავდება.
ყიფიანმა სამინისტროს პრიორიტეტებად სპორტის დეპოლიტიზაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობა დაასახელა.
მისი განცხადებით, ფედერაციების პოლიტიზაცია მეტისმეტია და პროფესიონალების დასაქმებას ხელს უშლის, ინფრასტრუქტურული პრობლემები კი თვალსაჩინოა- საქართველოში ლამის არც ერთი სპორტული ობიექტი საერთაშორისო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რაიონებში კი თითებზე ჩამოსათვლელია ნორმალური სტადიონები, სპორტული კომპლექსები და ბაზები.