არასამთავრობოები ღარიბაშვილს შს სამინისტროში რეფორმების განხორციელებისაკენ მოუწოდებენ

არასამთავრობოები ღარიბაშვილს შს სამინისტროში რეფორმების განხორციელებისაკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს წერილობით მიმართავენ და შს სამინისტროში რეფორმების განხორციელებისაკენ მოუწოდებენ.

კონკრეტულად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას და შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს  მოუწოდებენ, შეიმუშაოს და მიიღოს პოლიციის ახალი კანონი, რომელიც დაფუძნებული იქნება დემოკრატიული პოლიციის საერთაშორისოდ აღიარებულ საუკეთესო სტანდარტებზე, გადაიხედოს 2011 წელს საქართველოს ხელისუფლებისათვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები, რომელიც მათი აზრით, წინა ხელისუფლებამ უარყო და ასევე გადაიხედოს და გააუმჯობესოს მოქალაქეთა მიერ,  პოლიციის მხრიდან ჩადენილ გადაცდომებისა თუ დანაშაულების გასაჩივრების არსებული მექანიზმები.

ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“  ხელმძღვანელის  ნანა კაკაბაძის განცხადებით, პოლიცია ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არა  ერთი მუჭა პოლიტიკოსების ინტერესებს.

„სააკაშვილის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მათ პოლიციის რეფორმა განახორციელეს, თუმცა მიუხედავად ამისა,  ჩვენ ვხედავდით,  რომ პოლიციელები ხშირ შემთხვევაში, სისხლის სამართლის დანაშაულსაც კი, სჩადიოდნენ და  დაუსჯელნი რჩებოდნენ.  ვხედავდით იმასაც,  რომ პოლიცია პოლიტიზირებულია და ვხედავდით იმასაც, რომ გამოძიება  ნორმალურად არ მიმდინარეობდა. შესაბამისად, ჩვენ ყოველივე ამის შესწავლა დავიწყეთ და აღმოჩნდა,  რომ რეფორმა დაიწყო და იქვე დამთავრდა. შედეგად მხოლოდ გარეგნული ფასადი, უცხოური ავტომანქანები, ფორმები და გარეგნული იერი მივიღეთ. შინგით კი, პოლიცია საბჭოთა კავშირის კანონმდებლობით მოქმედებდა. ვინაიდან, ახალი მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილია,  გვინდა მას მივმართოთ.  ის,  რაც სააკაშვილმა  რეფორმად გამოაცხადა რეალურად,  არა რეფორმა არამედ,  პოლიციის დამორჩილება იყო. აუცილებელია,  გავიდეთ ამ ჩარჩოებიდან და  პოლიცია მართლაც, ხალხის სამსახურში ჩავაყენოთ“, - განაცხადა კაკაბაძემ.