„ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის

„ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის" ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესმენებისთვის ქონების ჩამორთმევის ფაქტებზე საუბრობს

საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფი "ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის" ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ბიზნესმენებისთვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტებზე საუბრობს. ამის შესახებ უფლებამდაცველთა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ისინი  საზოგადოებისა და ბიზნესმენების იმ ნაწილს რომლებიც ხელისუფლების მხრიდან წეზოლის მსხვერპლნი გახდნენ თხოვნით მიმართავენ, რომ  აღნიშულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

„საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფი "ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის,, საზოგადოების ინფორმირებას აგრძელებს,  "ნაციონალური" ხელისუფლების დანაშაულობების კიდევ ახალ ფაქტებს ამჟღავნებს და ამასთან ერთად ამ საქმეებში მონაწილეთა პირებს ასახელებს.

განსვენებული ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის მეგობარმა გიორგი ჯაოშვილმა თავის დროზე განაცხადა, რომ შსს-ს და ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, ის აიძულეს, ტელეკომპანია "იმედის" აქციების საკონტროლო პაკეტი ბადრი პატარკაციშვილის ნათესავისთვის ჯოზეფ ქეისთვის დაეთმო. ეს ამბავი ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ 2008 წლის 19 თებერვალს მოხდა. ამის შესახებ გიორგი ჯაოშვილმა თბილისში, პატარკაციშვილის ოჯახის რეზიდენცია "არკადიაში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯაოშვილმა განმარტა, რომ ის "ტელეიმედის" საკონტროლო პაკეტის "ნომინალური მფლობელი" და ამასთან, კომპანია "ლინქსის" დირექტორი იყო, რომლის 100%-იან წილს ბადრი პატარკაციშვილი ფლობდა "ლინქსს" თბილისის მერიასთნ მთაწმინდის პარკის 49 წლით იჯარით აღების თაობაზე შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული.

გიორგი ჯაოშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2008 წლის 19 თებერვალს თბილისში ჯოზეფ ქეიმ მას წარუდგინა პატარკაციშვილის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ტექსტი ინგლისურ ენაზე და განუცხადა, რომ ეს არის მინდობილობა, რომელიც ბადრის გარდაცვალების შემთხვევაში ქეის პატარკაციშვილის ქონების განკარგვის უფლებას აძლევდა. ჯაოშვილის ცნობით, მას აუხსნეს, რომ ტექსტი დამოწმებული იყო ნოტარიუსის მიერ, თუმცა ის არ იყო ორიგინალი.

"ქეიმ მითხრა, რომ დღეს (19 თებერვალს) მას ქვეყნის ხელმძღვანელობასთან აქვს შეხვედრა, თუმცა, ვიდრე ის ხელისუფლებას შეხვდება, სურს, რომ ტელეკომპანია "იმედი" გადაიფორმოს" - განაცხადა ჯაოშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ მას იმ პერიოდში  ქეის გულწრფელობაში ეჭვი არც შეუტანია.

ჯაოშვილს "ამ საქმის კეთილსინდისიერებაში" პირველად ეჭვი მაშინ შეეპარა, "როცა მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ნოტარიუსის შენობაში, სადაც წილის გადაფორების ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო, შს სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები იხილა, რომლებიც "შენობაში არავის უშვებდნენ".

"ჩვენ წავედით მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სანოტარო ოფისში, სადაც უკვე ყველა დოკუმენტი გამზადებული იყო ხელმოსაწერად. ნოტარიუსის ეზოში იყვნენ დაცვის თანამშრომლები, რომლებიც შენობაში არავის უშვებდნენ. შენობაში იმყოფებოდნენ შსს-ს და სხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები", - განაცხადა ჯაოშვილმა.

ჯაოშვილმა ხელმოწერამდე ნოტარიუსს განუცხადა, რომ ვინაიდან კომპანია JMG-ს აქციები სასამართლოს მიერ იყო დაყადაღებული, ნებისმიერ აქტზე ხელმოწერა გამოცხადდებოდა ბათილად, მაგრამ მისი ინფორმაციით, დაახლოებით, 2 საათის შემდეგ მოიტანეს 19 თებერვლით დათარიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიის აქციებზე ყადაღის მოხსნის შესახებ.

ჯაოშვილი ამბობს, რომ ხელმოწერის წინ ჟMG-ს ერთი აქციის ფასი განისაზღვრა 40 ლარით და საბოლოოდ, დოკუმენტში კომპანიის აქციათა 70%-ის ღირებულება 450 000 ლარად შეფასდა. "ამის შემდეგ, იძულებული გავხდი აქციების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებისთვის ხელი მომეწერა", - განაცხადა ჯაოშვილმა.

იმავე მისამართს და  ნოტარიუსს ასახელებს ცნობილ ტელეგადაცემაში  სააქციო საზოგადოება თბილისის საავიაციო ქარხნის დამფუძნებელი პანტიკო თორდიაც. მასაც ძალადობრივი გზით, კერძოდ კი, პატიმრობაში აყვანის მუქარით ჩამოართვეს საკუთრება. ამ საქმეში პრეზიდენტთან ერთად ბაჩო ახალაიაც ფიგურირებს. ის აღნიშნავს, რომ თვითონ  მას  კვირა დღეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის  შეიარაღებული პირების გარემოცვაში და ნოტარიუსის თანხლებით ეკონომიკის სამინისტროში ამ უწყების იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მონაწილეობით გადააფორმებინეს წილი. ქარხნის დანარჩენ 26 აქციონერს კი აქციების დათმობა უკვე მეორე დღეს, თბილისში მარჯანიშვილის 5-ში მდებარე ნოტარიუსის შენობაში აიძულეს.

დაახლოებით, ანალოგიურ ისტორია აქვთ თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მესაკუთრეებსაც. ამ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ავთო საყვარელიძესა და ამავე ქარხნის გენერალურ დირექტორს  მირიან დეკანოიძეს.

"ფიზიკური განადგურების მუქარით, ნიღბიანი რაზმისა და ძალადობის გამოყენებით, შუაღამის პირველ საათზე მარჯანიშვილის ქუჩაზე ნოტარიუსის ოფისში, ნოტარიუს ოთარ ზოიძის მონაწილეობით, მათ 20-მდე შეიარაღებული ნიღბიანი ჯალათების გარემოცვაში აიძულეს, მოძალადეების სასარგებლოდ  დაეთმოთ საზოგადოების აქციების პაკეტი. გადაფორმების პროცედურას ხელისუფლებიდან დავით კეზერაშვილი, დავით ბეჟუაშვილი და ირაკლი ეზუგბაია, ძალოვნებიდან კი ფინანსური პოლიციის უფროსი დავით ქარსელაძე კურირებდა", - ნათქვამია "ბიზნესმენები საქართველოში თავისუფალი ბიზნესისთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფი "ბიზნესმენები საქართველოში, თავისუფალი ბიზნესისათვის" მიმართავს საზოგადოებას თხოვნით, რომ  გამოგვეხმაურონ ის მოქალაქეები და ბიზნესმენები, რომლებიც ხელისუფლებისაგან ნოტარიუს ოთარ ზოიძის  მონაწილეობით  დაზარალდნენ და ასევე, გთხოვთ ამ საქმეებზეც მოგვაწოდოთ ინფორმაცია.

"ჩვენი მიზანია, ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებისა და ბიზნესმენების მიმართ დანაშაულებრივი მოქმედებების გამოვლენა  და ამის შესახებ  საზოგადოების ინფორმირება", - ნათქვამია განცხადებაში.