დავით უსუფაშვილი: ამჟამინდელი ოპოზიციისთვის შესაძლოა, ბევრი მტკივნეული გადაწყვეტილება იქნას მიღებული

დავით უსუფაშვილი: ამჟამინდელი ოპოზიციისთვის შესაძლოა, ბევრი მტკივნეული გადაწყვეტილება იქნას მიღებული

"პარლამენტში შესაძლოა, ამჟამინდელი ოპოზიციისთვის ბევრი მტკივნეული გადაწყვეტილება იქნას მიღებული“, - ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განუცხადა, სადაც აღმოსავლეთ პარტიონორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა კონფერენციას "საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პოლიტიკური პროცესები და სამომავლო პერსპექტივები" მართავს.

უსუფაშვილის განმარტებით, კოალიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობა. ამიტომ მისი თქმით, „ქართული ოცნება" მათთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.

ამასთანავე უსუფაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის პირველ სხდომამდე ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრის ორგანიზება იმ პარტიების მონაწილეობით, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ.

„კოალიცია „ქართული ოცნება" აპირებს სერიოზული ნაბიჯები გადადგას დემოკრატიული განვითარების, ავტორიტარიზმის, უსამართლობისა და მედიის კონტროლის დასრულების თვალსაზრისით. ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობა მოგვიწვეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის სავარაუდოდ, ბევრი მტკივნეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რადგან მათ დემოკრატია სხვანაირად ესმით, ჩვენ კი ვაპირებთ, ჭეშმარიტად მრავალპარტიული პარლამენტის და დემოკრატიულობის მაგალითი ვაჩვენოთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.