„უფლებადამცველთა გაერთიანება“ პრეზიდენტ   სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების საჯარო გასამართლებას ითხოვს

„უფლებადამცველთა გაერთიანება“ პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების საჯარო გასამართლებას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანება“ პრეზიდენტ მიხეილ  სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების წინაღმდეგ ნიუნბერგის მსგავსი პროცესის მოწყობას და მის საჯარო გასამართლებას ითხოვს.

ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მჟავანაძის განცხადებით, სააკაშვილსა და მის გარემოცვას 2004 წლიდან დღემდე უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, რისთვისაც ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ.

მისივე თქმით, პროცესები ქუთაისის პარლამენტის შენობაში უნდა გაიმართოს და ღია ეთერით გადაიცეს, რათა დამნაშავეებისთვის ბრალის წარდგენას მთელმა საქართველომ ადევნოს თვალი.

მჟავანაძე მიიჩნევს,  რომ ეს გახდება საფუძველი იმისა, რომ მომავალმა ხელისუფლებამ ვეღარ ჩაიდინოს ის, რაც მოქმედმა ხელისუფლებამ ჩაიდინა.

„ამ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან, ოპოზიციაში გადავიდნენ და პარლამენტში შევიდნენ. სინამდვილეში, მათი ადგილი საკანონმდებლო ორგანოში კი არა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. მსოფლიოს უახლეს ისტორიაში დამნაშავე ხელისუფლების გასამართლების ბევრი პრეცედენტი არსებობოს. მივმართავ კოალიციას, დაიწყოს ამ ყველაფერზე ფიქრი, ვინაიდან თუ ის დამნაშავეებს არ დასჯის, საზოგადოებაში უსამართლოს განცდა ისევ გაჩნდება“, - განაცხადა მჟავანაძემ.