საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა დღეს ევროკავშირისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო.
მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში გამართული საპარლამენტო არჩევენები იყო.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ევროკავშირის ელჩის, ფილიპ დიმიტროვის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ფილიპ ლეფორისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ანდჯეი ტიშკევიჩის შეფასებით, არჩევნები, ისევე, როგორც საარჩევნო პროცესი წარმატებით დასრულდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანა დემოკრატიულ კურსს ინარჩუნებს.
როგორც ევროპელმა დიპლომატებმა საუბრისას აღინიშნეს, 1-ელ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შეძლო თავისუფალი აზრის გამოხატვა და ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთგულია დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების მიმართ.
შეხვედრისას, ევროკავშირისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადეს, რომ ხმის დათვლის პროცესიც დემოკრატიულ და გამჭვირვალე ვითარებაში უნდა წარიმართოს და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუშაობა მშვიდ გარემოში, ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისა და ექსცესების გარეშე შეძლოს. ამავდროულად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ გარდამავალმა პერიოდმა კონსტიტუციისა და კანონიერების სრული დაცვით ჩაიაროს და კვლავაც გაგრძელდეს ევროპული ინტეგრაციის კურსი.
ქართული მხრიდან შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში თორნიკე გორდაძე ესწრებოდა.