აშშ-ს სენატორები: საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ნამდვილი და შესანიშნავი პროგრესის სრული დადასტურებაა

აშშ-ს სენატორები: საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ნამდვილი და შესანიშნავი პროგრესის სრული დადასტურებაა

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ,  აშშ-ს სენატორებმა:  ჯონ მაკკეინმა, ჯო ლიბერმანმა და ლინდსი გრემმა განცხადება გაავრცელეს. 

განცხადების თანახმად, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეაფასეს, როგორც ამ ქვეყნის ისტორიაში ჩატარებული ყველაზე სანდო და კონკურენტული, პოსტსაბჭოთა ავტორიტარიანიზმიდან დასავლური დემოკრატიის მიმართულებით, საქართველოს ნამდვილი და შესანიშნავი პროგრესის სრული დადასტურებაა.

 „გასული ცხრა წელიწადის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს რეფორმისტი მთავრობის მიერ სახელმწიფოში გატარებული გარდაქმნები მსოფლიოსთვის სამაგალითო იყო - ისინი მოიცავდა წარმატებას ერთ დროს ფართოდ გავრცელებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ცხოვრებისეული სტანდარტების ამაღლებას და დემოკრატიულ, ევროატლანტიკურ საზოგადოებაში საქართველოს მიერ დამსახურებული ადგილის დასაკავებლად არჩეულ კურსს.

ამ დროის განმავლობაში საქართველოს ლიდერების დემოკრატიისადმი ერთგულება კითხვის ნიშნის ქვეშ ბევრმა ცინიკოსმა დააყენა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ საბოლოოდ ვარდების რევოლუციის პოტენციალი გაქრებოდა. ამ კვირას საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეაფასეს, როგორც ამ ქვეყნის ისტორიაში ჩატარებული ყველაზე სანდო და კონკურენტული, საქართველოს ნამდვილი და შესანიშნავი პროგრესის სრული დადასტურებაა პოსტსაბჭოთა ავტორიტარიანიზმიდან დასავლური დემოკრატიის მიმართულებით“,  - ნათქვამია  სენატორების განცხადებაში. 
სენატორები  ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ. 
„რამდენადაც მნიშვნელოვანი და ისტორიული იყო ამ არჩევნების მიერ მიღწეული შედეგი საქართველოსთვის, იმდენად მნიშვნელოვანი იქნება წინ არსებული პერიოდი მისი მომავლისთვის. ჩვენ ვულოცავთ ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნებას“ გამარჯვებას და აღვნიშნავთ პრეზიდენტი სააკაშვილის მიერ დამარცხების ღირსეულად აღიარებას. ეს ისეთი დემოკრატი სახელმწიფო მოღვაწის და საქართველოს პატრიოტის ნაბიჯი იყო, როგორადაც მიშას ყოველთვის ვიცნობდით. მოვუწოდებთ საქართველოს ახლად არჩეულ ლიდერებს, იყვნენ ისეთივე ღირსეულები გამარჯვებაში, როგორიც მათი ოპონენტები იყვნენ დამარცხების შემდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში. 
სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ გამონათქვამების თაობაზე, რომელიც პრეზიდენტი სააკაშვილის გადადგომისკენ მოწოდებას მოიცავდა. 
„ქართულმა ოცნებამ“  უნდა პატივი სცეს კანონს და არ უნდა გამოიყენოს სახელმწიფო ინსტრუმენტები პოლიტიკური შურისძიებითვის; უნდა ემსახურონ მთელი ერის ინტერესებს და მისწრაფებებს და იმუშავონ კონსტრუქტიულად ოპოზიციასთან იმისთვის, რომ მათმა ქვეყანამ წინ იაროს. ამ მხრივ შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ დამაპირისპირებელი გამონათქვამების თაობაზე, რომლებიც ბატონ ივანიშვილთან იყო დაკავშირებული და პრეზიდენტი სააკაშვილის გადადგომისკენ მოწოდებას მოიცავდა, ისევე, როგორც სასამართლო პასუხისმგებლობის დაუზუსტებელ მუქარასთან და "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მიერ უწესრიგობის და მუქარის ქმედების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის, შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა საქართველოს დემოკრატიული კულტურის და ინსტიტუციების განვითარების და გაღრმავების გაგრძელებაზეა დამოკიდებული", - აღნიშნულია განცხადებაში.