შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაპატიმრებულია

შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაპატიმრებულია

საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა პატიმრობაში იმყოფება. ის შს სამინისტრომ 20 აგვისტოს ღამის 02:00 საათზე პოლიციის თანამშრომლის მოწოდების დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია მეცხრე არხმა გაავრცელა.

საგულისხმოა, რომ პოლკოვნიკ ნიკა ჯანჯღავას დაკავების შესახებ ინფორმაცია, აქამდე არც სამართალდამცავებს და არც მის ოჯახს არ გაუვრცელებია.

როგორც საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, ჯანჯღავა  ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა  და მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს.

როგორც დაკავებულის ადვოკატი, აცხადებს, მას ჯერ 80 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა შემდეგ სააპელაციო სასამართლომ „კეთილი ნება გამოიჩინა“, 20 დღე მოაკლო და 60 დღე დაუტოვა.

„ის არის პოლიტიკური პატიმარი, ამ ხელისუფლების მძევალი. ყველა პოლიტიკური პატიმარი ასეთი ბრალდებით არის დაკავებული, როცა მათ უფარდებდნენ ადმინისტრაციულ  საპროცესო სამართალადარღევათა კოდექსის 173-ე მუხლს. ანუ პოლიციისათვის დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობის გაწვა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ამ დრომდე ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ. ადვოკატის განმარტებით ამის მიზეზი ის ზეწოლაა, რომელსაც დაკავებულის ოჯახის წევრებზე ახორციელებენ. თუმცა ადასტურებენ, რომ ჯანჯღავა პოლიტპატიმარია და აღნიშნავენ, რომ ის უშუალოდ ბაჩო ახალაიას მძევალია.

ნიკოლოზ ჯანჯღავა ბოლო პერიოდში მაღალ თანამდებობებზე მსახურობდა. მათ შორის, ის იმყოფებოდა ავღანეთში და ხელმძღვანელობდა ქართველ სამშვიდობო დანაყოფებს. ის არის ღირსების ორდენის კავალერი, სამხედრო ღირსების მედალოსანი, პირველი რეინჯერი და მწვანე ბერეტი.