ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებული ყრილობის შესახებ აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მთელი საქართველოს პირობებში ვერ ანახა მობილიზაციის ის ეფექტი,რაც საარჩევნო კამპანიის წინა დღეებს სჭირდება.
„ იმის გავითვალისწინებთ, რომ ხალხი ავტობუსებით საქართველოს ყველა რაიონიდან იყო ჩამოყვანილი, თანაც „მასკიროვკის“ გარეშე, ყრილობა დავარცხნილად გამოიყურებოდა. სტადიონზე ხალხის სიმეჩხრე შეიმჩნეოდა- ეს თითო მეტრის მოშორებით სკამზე დამჯდარი ხალხითაც გამოიხატა. ასეთ პირობებში, პარტიის ამ ამოცანას და იმ შედეგს თუ შევადარებთ იმას, რაც მივიღეთ, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოუვიდა იმის ჩვენება,მათ ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ“,-აცხადებს საყვარელიძე.
ექსპერტის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ქუჩის მასშტაბით კიდევ უფრო რთული იქნებოდა საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ მათ ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ.
„სტადიონი კიდევ უფრო პატარაა მოცულობით და აშკარად გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ მთელი საქართველოს პირობებში ვერ ანახა მობილიზაციის ის ეფექტი,რაც საარჩევნო კამპანიის წინა დღეებს სჭირდება“,-აცხადებს საყვარელიძე.
რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ხელისუფლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების გამოსვლაში, ტონი აღარ იყო იმ რეგისტრების, რომლითაც ადრე მათი გამოსვლები გამოირჩეოდა. „ ტონი ცოტა დაწეული იყო. ხმის ჩახლეჩამდე და აგრესიული ტექსტებით ყველა გამომსვლელი გამოირჩეოდა, თუმცა მათ გამოსვლებში დეპრესიის რაღაც ნიშნები მაინც იკითხებოდა“,-აღნიშნავს საყვარელიძე.