თბილისში ნაციონალების შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში დღეს დილიდან მობილიზება შეინიშნებოდა.
ინფო 9-ის ინფორმაციით, დილიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით სხვადასხვა რეგიონებიდან თბილისისკენ გამოემართნენ. მათ შორის საჩხერიდან, ზუგდიდიდან,მარტვილიდან, ხონიდან, ამბროლაურიდან, ჩოხატაურიდან, ლანჩხუთიდან და ქობულეთიდან.
ინფო-9 ამის დამადასტურებელ ვიდეოკადრებსაც ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ ყრილობაზე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლების გარდა სკოლის მოსწავლეებსაც უშვებენ.
სტადიონზე შეკრებილ მოქალაქეებს პარტიის ლიდერებმა დღეს გამართულ ყრილობაზე წინასაარჩევნო პროგრამა – „მეტი სარგებელი ხალხს“ წარუდგენეს.
შეკრებილ საზოგადოებას საქართელოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარდა სიტყვით მიმართა პრემიერ მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ; თბილისის მერმა გიგი უგულავამ; ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა მიმართა.