გურამ მაჭარაშვილი კახა ხაზარაძის განცხადებაზე:

გურამ მაჭარაშვილი კახა ხაზარაძის განცხადებაზე: "კახა ხაზარაძე მამუკა ხაზარაძის ახლო ნათესავია, რას იტყვის ახლა ის კარგს და რეალურს, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკაზე?!"

"ყველამ კარგად ვიცით, რომ კახა ხაზარაძე არის მამუკა ხაზარაძის ახლო ნათესავი, რას იტყვის ახლა ის კარგს და რეალურს, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკაზე?!" - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი "ICR ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, კახა ხაზარაძის განცხადებებს, რომელმაც BMG-თან ინტერვიუში თქვა, რომ შემოდგომაზე საქართველოს ეკონომიკაში კრიზისი დაიწყება.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზები აბსოლუტურად განსხვავებულია, კახა ხაზარაძე კი პოლიტიკურად მიკერძოებული პირია.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ამბობს, რომ ყოველწლიურად, დინამიკურად იზრდება საქართველოს ეკონომიკა და ახლა საზოგადოება ვის დაუჯერებს? საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებს თუ კახა ხაზარაძის მონაცემებს, რომელიც დაინტერესებულია, რომ ყველაფერი ცუდად მოაჩვენოს საქართველოს საზოგადოებას. მოკლეფეხებიანი ტყუილიც არ არის, როცა კახა ხაზარაძე, პირდაპირ პოლიტიკურად დაინტერესებული პირი, რაღაც ზღაპრებს გვიყვება დღე და ღამე და ამბობს, რომ საქართველოში კოლაფსია, ხალხი პურს ვეღარ ყიდულობს და ა.შ", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.