საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორის კახა კახიშვილი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კომისიისა და შტაბის წევრების დაჭერების, რომლებმაც სისტემატური ხასიათი მიიღო, მიზანია დეზორგანიზაციის შეტანა პოლიტიკური ოპონენტის საარჩევნო კამპანიაში.
„ჩვენ ამაზე არჩევნებამდე ძალიან დიდი ხნითადრე ვსაუბრობდით და ეს ყველაფერი აშკარად პროგნოზირებადი იყო. რაც უფრო ძლიერდება კონკურენტი, ხელისუფლება მით უფრო ხისტი ხდება. ხელისუფლება ყველანაირი ხერხით ცდილობს პოლიტიკური ველიდან ოპონენტის ჩამოშორებას. ეს პროცესი ჯერ კონტროლის პალატამ დაიწყო ფანტასტიური დაჯარიმებებისა და სახლ-კარის გაყიდვების სახით“,-აცხადებს კახიშვილი.
ექსპერტის განმარტებით, ადმინისტრაციული პატიმრობა დასავლეთის ქვეყნებში აღარ გვხვდება და ეს სსრკ-ს გადმონაშთია.
„ ეს არის ტიპიური საბჭოთა კავშირის გადმონაშთი. ის რაც სსრკ-ში იყო 30- დღიანი პატიმრობით განსაზღვრული, ამათ 90 დღით განსაზღვრეს. როდესაც ქვეყანაში არის ადმინისტრაციული სასჯელი 90 დღით, ეს ემსახურება მხოლოდ ერთს-პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ გარკვეული ბერკეტების არსებობას“,-აღნიშნავს კახიშვილი.
საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ბოლო ორი დღის მანძილზე ხელისუფლების მხრიდან „ქართული ოცნების“ აქტივისტის თუ შტაბის 50-მდე წევრის დაპატიმრება მოხდა,ეს პოლიტიკური ოპონენტის შეფერხების მცდელობაა. „როდესაც მაჟორიტარებს აცლიან შტაბის უფროსებსა და მათ მოადგილეებს, ეს ნიშნავს რომ მათ დეზორგანიზება შეაქვთ პოლიტიკური კამპანიის პროცესებში“,-განაცხადა კახი კახიშვილმა.