გოგა ხაინდრავა   საფრანგეთის ელჩს საქართველოში და საფრანგეთის ჟანდარმერიას მიმართავს

გოგა ხაინდრავა საფრანგეთის ელჩს საქართველოში და საფრანგეთის ჟანდარმერიას მიმართავს

„ამომჩეველთა ლიგის“ ერთ- ერთი ლიდერი, გოგა ხაინდრავა პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებებისა და გამოქვეყნებული მასალების საპასუხოდ ხვალ საფრანგეთის საელჩოში ოფიციალურ მიმართვას შეიტანს, სადაც ყველა იმ დოკუმეტის გამომზეურებას მოითხოვს, რომელიც საფრანგეთში მის ჩასვლასა უკავშირდება და საიდანაც „დამტკიცდება რამდენად შეესაბამება მათ მიერ წარმოდგენილი მასალები პროკურატურის მასალებს“.

ამის შესახებ მან დღეს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რევაზ ლორთქიფანიძე, რომელიც ქურდული ავტორიტეტის სახელი აქვს და რომელიც პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით მის თანამზრახველად მოიაზრება, მისი ბავშვობის მეგობარია.

ხაინდრავა ყვება, რომ შარშან ნოემბერში მართლაც იყო საფრანგეთში ჩასული, სადაც აფხაზეთის ომის 20 წლისთავთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ინსტიტუტში მისი ფილმის ჩვენება მოეწყო, შემდეგ კი კონფერენცია გაიმართა.

მისი თქმით, იმ პერიოდებში ლორთქიფანიძე 4 თვის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული, მერე ჯანმრთელობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თვითონაც მოინახულა და აღნიშნა, რომ ამას საავადმყოფოს პერსონალიც დაადასტურებს. ხაინდრავა აცხადებს, რომ ამის შემდეგ ლორთქიფანიძეს ბრალეულობა ვერ დაუმტკიცეს და გაათავისუფლეს.

„ამის შემდეგ ჩვენ რესტორანში წავედით, იქ ფოტოებიც გადავიღეთ, ეს ის ფოტოებია, რომელიც პროკურატურამ დღეს წარმოადგინა. რაც შეეხება სახლს, რომელიც კადრებში ჩანს, ეს იმ ერთ- ერთი ქართველი ემიგრანტის სახლია, სადაც ღამე დავრჩით.“, - განაცხადა ხაიდნრავამ და აღნიშნა, რომ რევაზ ლორთქიფანიძესთან აღნიშნულ შეხვედრაზე არანაირი ოფიციალური განცხადებები და პოლიტიკურ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა.

მისივე თქმით, მართალია საფრანგეთს ყოფილი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკისგან განსაკუთრებული ჯილდო აქვს მიღებული, მაგრამ აცხადებს, რომ თუ კი მათ აქამდეც ჰქონდათ  რაიმე სახის შეკითხვა მისი პერსონის მიმართ ან მის  კრიმინალურ სამყაროსთან კავშირზე, აქამდე დაუსვამდნენ. მით უმეტეს, მაშინ, როცა მას მერე საფრანგეთში რამდენიმეჯერ იყო ჩასული.

ხაინდრავა საგრანგეთის ელჩს საქართველოში და საფრანგეთის ჯანდარმერიას მიმართავს, რომ თუ კი აქვს რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც ქურდულ სამყაროსთან მის ბრალეულობას დაამტკიცებს წარმოადგინოს.

„ხვალ საფრანგეთის საელჩოში ოფიციალურად შევიტან მიმართვას და მოვითხოვ გამოზეურდეს ყველა დოკუმენტი, რომელიც იქ არსებობს და რომელიც დაამტკიცებს რამდენად შეესაბამება პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მასალები  სიმართლეს. თუ ეს არის ჯანდარმერიის ოფიციალური პოზიციაც, მაშინ ისინი ვალდებულები არიან, რომ დამიბარონ და დამკითხონ. თუ საჭირო გახდება საფრანგეთშიც ჩავალ და ყველა შეკითხვას გავცემ პასუხს, რომელიც მათ აქვთ ჩემს მიმართ. მაგრამ ასეთი კითხვები არ არსებობს, რადგან ვფიქრობ, რომ თუ კი იქნებოდა  მსგვასი შეკითხვები, წელიწადნახევრის განმავლობაში ერთხელ მაინც გაჟღერდებოდა“, - აღნიშნა მან.

გოგა ხაინდრავას განმარტებით, ის პოლიტიკაში 2008 წლის მერე აღარ არის და მის მიერ გაკეთებული განცხადებები აღქმული უნდა იყოს როგორც რიგითი მოქალაქის პოზიციად და არ უნდა განიხილონ როგორც პოლიტიკოსის განცხადება.