პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სამტრედიაში ამომრჩეველს შეხვდა. მან ამომრჩეველს სიტყვით მიმართა. ამომრჩეველს სიტყვით სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახი კალაძემაც მიმართა.
კალაძის განცხადებით, შეხვედრაზე მოსვლა უამრავ ადამიანს სურდა, მაგრამ დააშინეს. მან ამომრჩევლებს პირობა მისცა, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ ამ ძალადობას ძალიან მალე დაასრულებს.
„გაძლევთ პირობას, რომ თითოეული ჩვენგანი იმ ზეწოლისა და წნეხისგან განთავისუფლედება, რასაც ჩვენს ხალხზე მოძალადე სააკაშვილი და მისი კრიმინალური ხელისუფლება ახორციელებს“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძემ ყურადღება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე გაამახვილა.
მისი თქმით, ყველა ის ადამიანი დაისჯება, ვისაც ამაში ბრალი ედება.
„ყველა ის ადამიანი აგებს პასუხს კანონისა და ქართველი ხალხის წინაშე. ხელისუფლებაში ყოფნა კრიმინალისა და ნაძირალას თავშესაფარს არ ნიშნავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ დევნას არ განვახორციელებთ, მაგრამ ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი ამ 9 წლის განმავლობაში ყველა პასუხს აგებს. ყველამ კარგად ვიცით, მთელმა საქართველომ იცის და ბატონი ბიძინა ივანშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო, რას წარმოადგენს სააკაშვილი“, - განაცხადა კალაძემ.